ლაშა ქველაძე მომატებული ტემპერატურის გამო, ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება
ლაშა ქველაძე მომატებული ტემპერატურის გამო, ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება

მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ლაშა ქველაძეს ბრალი ოფიციალურად ორი – 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 162-ე ( კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა) პრიმა მუხლებით წაუყენეს.

ბრალის წარდგენის შემდეგ, ის მარნეულის პოლიციის შენობიდან კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, ქველაძეს მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ადვოკატის ინფორმაციით, ქველაძე „ავერსის“ კლინიკაში გადაიყვანეს და მას კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება.

„ბრალი წარედგინა ორი მუხლით, 120-ე და 162 პრიმა მუხლით. არ ეთანხმება და იყენებს დუმილის უფლებას. ჩვენებას მისცემს სასამართლოს. ტემპერატურის გამო გადაიყვანეს კლინიკაში, რადგან შეამოწმონ „კოვიდ-19“-ზე. ტესტის პასუხის მიღების შემდეგ დატოვებენ ან დააბრუნებენ წინასწარი დაკავების იზოლატორში“, – განაცხადა ადვოკატმა დიანა მარტიაშვილმა.

მისივე განმარტებით, ქველაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ადვოკატი არ გამორიცხავს, პროცესი დისტანციურად გაიმართოს.

შეგახსენებთ, ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და მარნეულში ძალადობის ფაქტებზე სულ ოთხი პირი დააკავეს.