რუსთავის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჭანტურიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს
რუსთავის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჭანტურიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

საქმეს მოსამართლე მადონა მაისურაძე უძღვება. სხდომის დაწყებისთანავე დაცვის მხარემ განაცხადა, რომ სასამართლო არაუფლებამოსილია. ადვოკატებმა განმარტეს,  რომ „დააყენეს შუამდგომლობა არაუფლებამოსილი სასამართლოს აცილების თაობაზე“.

დაცვის მხარე აცხადებდა, რომ მოსამართლემ შეზღუდა გიორგი ჭანტურიას უფლება, გაეკეთებინა არჩევანი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსა და ერთპიროვნულ მოსამართლეს შორის, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

წინასასამართლი სხდომაზე, რომელსაც ეკატერინე პართენიშვილი უძღვებოდა, ბრალდებული სხდომის გადადებასა და დასაფიქრებელ დროს ითხოვდა, მოსამართლემ კი რამდენიმე წუთიანი შესვენება ორჯერ გამოაცხადა და ბრალდებულს მოსაფიქრებელი დრო მისცა.  ჭანტურია და მოსამართლე სხდომის გადადების შესახებ დარბაზში რამდენიმე წუთის განმავლობაში კამათობდნენ. ბრალდებული აცხადებდა, რომ პასუხი არ ჰქონდა. საბოლოოდ, გიორგი ჭანტურიამ მოსამართლეს არ უპასუხა, უნდოდა თუ არა ნაფიც მსაჯულებს განეხილა მისი საქმე. მოსამართლემ იმ მოტივით, რომ ბრალდებულმა პასუხი არ გასცა, საქმე არსებითად განსახილველად ერთპიროვნულ მოსამართლეს გადასცა.

გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს ღამით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა. უწყების ცნობით, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა.

ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს.