რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარავში სამართალდამცველები აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ იყვნენ შესული
რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარავში სამართალდამცველები აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ იყვნენ შესული

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავში სამართალდამცველები იყვნენ შესული. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

როგორც ადგილზე მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, სამართალდამცველები კარავში დაუკითხავად შევიდნენ და აქციის წარმომადგენლებთან გასაუბრება მოითხოვეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, პოლიციელებმა განუცხადეს, რომ აქციაზე ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ არის, რათა გზა იყოს გადაკეტილი.

სამართალდამცველებმა კარავი უკვე დატოვეს.

აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციელების შესვლის მომენტში კარავში მყოფებს ეძინათ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებთან სასაუბროდ ზაზა სარალიძე გამოვიდოდა, თუმცა სარალიძე ჯერჯერობით არ გამოჩენილა.

შეგახსენებთ, ზაზა სარალიძის მოწოდების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა კარვები საავტომობილო გზაზე გადაიტანეს. როგორც სარალიძემ განაცხადა, რუსთაველის გამზირზე კარავში დარჩება, სანამ მისი შვილის მკვლელებს და იმ პირებს, ვინც დანაშაული დაფარა, არ გამოიყვანენ სააშკარაოზე.