ზაზა სარალიძე - აქ ვიქნები, სანამ ჩემი შვილის მკვლელებს და იმ პირებს, ვინც დანაშაული დაფარა, არ გამოიყვანენ სააშკარაოზე
ზაზა სარალიძე - აქ ვიქნები, სანამ ჩემი შვილის მკვლელებს და იმ პირებს, ვინც დანაშაული დაფარა, არ გამოიყვანენ სააშკარაოზე

აქ ვიქნები, სანამ ჭეშმარიტება არ იზეიმებს, – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარავში განუცხადა, რომელიც მისი თხოვნით აქციის მონაწილეებმა გზის საფეხმავლო ნაწილიდან საავტომობილო გზაზე გადაიტანეს.

„დღეს გახარიას უწყებამ და თვითონ გახარიამ დამარწმუნეს, რომ თვითონაც არიან ჩართული ამ უსამართლო ბრძოლაში. მეჯახება მთავრობა და სისტემა? აქ ვიქნები მანამდე, სანამ არ აღიარებენ და სააშკარაოზე არ გამოიყვანენ ჩემი შვილის მკვლელებს და აბსოლუტურად ყველა იმ პიროვნებას, ვინც დაფარა ეს დანაშაული. თუ არადა, გამოუშვან დაყენებული რომ ჰყავთ ის ბეტეერები და რაღაცები, გადამიარონ და ამით დამთავრდება მაგათი ილუზიები და ზღაპრული ბრძოლები. აქ ვიქნები, სანამ ჭეშმარიტება არ იზეიმებს“, – აღნიშნა სარალიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, კარვების საავტომობილო გზაზე გადმოტანა მისი გეგმის ნაწილი იყო თუ არა, განაცხადა:

„რა თქმა უნდა. ეს იყო იქიდან გამომდინარე გადადგმული ნაბიჯი, რომ დღეს მე მოვუხმე მმართველ გუნდს, მოსულიყვნენ აქ და დაგვდგომოდნენ გვერდით. კონკრეტული პირები არ დამისახელებია, ვისაც სურვილი ექნებოდა. მაგრამ გადაწყვიტეს, რომ დაჩაგრონ ზაზა სარალიძე. ზაზა სარალიძე აქ დალევს სულს, სანამ მისი შვილის მკვლელები და მათი ხელის დამფარებლები არ იქნებიან გამოაშკარავებული“, – დასძინა სარალიძემ.

შეგახსენებთ, ზაზა სარალიძის მოწოდების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა კარვები საავტომობილო გზაზე გადაიტანეს.