ზვიად კუპრავა - ვთხოვ პოლიციას, უზრუნველყონ გზების დაკეტვა კარვის მიმდებარე ტერიტორიაზე
ზვიად კუპრავა - ვთხოვ პოლიციას, უზრუნველყონ გზების დაკეტვა კარვის მიმდებარე ტერიტორიაზე

ზვიად კუპრავამ სამართალდამცველებს მიმართა, გზა გადაკეტონ კარვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა მძღოლები მაღალი სიჩქარით არ გადაადგილდნენ და კარავს არ დაეჯახონ.

„პირველ რიგში, მინდა, ვთხოვო საპატრულო პოლიციას და მათ ხელმძღვანელობას, მაქსიმალურად უზრუნველყონ უსაფრთხოება იმ გაგებით, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები არაფხიზელ მდგომარეობაში მართავენ ავტომობილებს, გადაადგილდებიან მაღალი სიჩქარით. უზრუნველყონ გზების იმ დონეზე გადაკეტვა, რუსთაველზე შემოსასვლელის, რომ ნასვამმა მძღოლმა, რომელმაც არ იცის, რომ რუსთაველზე კარავია და იქ ადამიანები სხედან, მაღალი სიჩქარით არ შემოვიდეს და რამე არ მოხდეს. ეს არის თხოვნა ზაზას და მალხაზის სახელით, ​იქნებ უზრუნველყონ გზების დაკეტვა კარვის მიმდებარე ტერიტორიაზე“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

მისივე თქმით, კარვები იქნება, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.

„ეს კარავი ზაზამ კი არ დადგა, კარავი დადგა ხელისუფლებამ, გზა გადაკეტა ხელისუფლებამ. ზაზას პრემიერ-მინისტრმა მისცა დაპირება, რომ 10 რიცხვამდე გამოიძიებდნენ და მკვლელებს დაიჭერდნენ, სამართალი აღდგებოდა, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდნენ, დაისჯებოდნენ. არც ერთი არ მომხდარა. იცით, ვინ არის ზაზას შვილის მკვლელი, ჩვენ ვიცით, ზაზამ იცის. ხომ არ იჭერენ. არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა. კარავი იქნება, სანამ არ აღდგება სამართლიანობა“, – აღნიშნა კუპრავამ.

შეგახსენებთ, ზაზა სარალიძის მოწოდების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა კარვები საავტომობილო გზაზე გადაიტანეს. როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, რუსთაველის გამზირზე კარავში დარჩება, სანამ მისი შვილის მკვლელებს და იმ პირებს, ვინც დანაშაული დაფარა, არ გამოიყვანენ სააშკარაოზე.