რუსეთში დიპლომატების რაოდენობის შესამცირებლად მოსკოვმა ლონდონს ერთთვიანი ვადა მისცა
რუსეთში დიპლომატების რაოდენობის შესამცირებლად მოსკოვმა ლონდონს ერთთვიანი ვადა მისცა

რუსეთში დიპლომატიური მისიის შემცირების, ასევე საელჩოსა და საკონსულოების თანამშრომლების რაოდენობის დიდ ბრიტანეთში რუსული დიპლომატიური მისიის წევრთა რაოდენობასთან გასათანაბრებლად მოსკოვმა ლონდონს ერთთვიანი ვადა მისცა. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 30 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს, რომელსაც „ბრიტანული მხარის პროვოკაციულ და დაუსაბუთებელ ქმედებებთან დაკავშირებით“ მტკიცე პროტესტი გამოუცხადეს.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი სოლსბერიში სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამოძიებისთვის თანამშრომლობისთვის მზად არის.

ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მალევე დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა სხვა ქვეყნებმაც გამოუცხადეს.

ამ დროისთვის, რუსი დიპლომატები 30-მდე სახელმწიფომ გააძევა, მათ შორის საქართველომ.