ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რუსი სპორტსმენები, რომელთაც დოპინგის მოხმარება არ დაუმტკიცდათ, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ნეიტრალური დროშით იასპარეზებენ. რუსეთს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლა აეკრძალა.
ოლიმპიზმის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დოპინგ-სკანდალის გამო, ოლიმპიადაზე არ იქნება ქვეყნის და ამ შემთხვევაში, რუსეთის დროშა და გამარჯვების შემთხვევაში არ დაუკრავენ რუსეთის ჰიმნს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ მიწვეული რუსი სპორტსმენები, როგორც პირად, ასევე გუნდურ შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას. „რუსი ოლიმპიური სპორტსმენი“ – ასეთი იქნება მათი ტიტული და გამარჯვების შემთხვევაში, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე ოლიმპიურ ჰიმნს დაუკრავენ.