რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ხუთი კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, დღეს ოთხ მათგანს ჩაუტარდა შუალედური ტესტირება კორონავირუსზე. ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, ოთხივე პაციენტის ტესტის პასუხი უარყოფითია. ხვალ ამ პაციენტებს განმეორებით ჩაუტარდებათ ტესტირება კორონავირუსზე და იმ შემთხვევაში, თუ პასუხები კვლავ უარყოფითი იქნება, გამოჯანმრთელებულად ჩაითვლებიან და გაიდლაინის თანახმად, გადავლენ თვითიზოლაციაში.
ზემოთ ნახსენები ოთხივე პაციენტი 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კლასტერიდან არიან. ორი მათგანი 17 მაისიდან მკურნალობს, ორი კი, 23 მაისიდან.
რაც შეეხება მეხუთე პაციენტს, 70 წლის მამაკაცს, მას საზღვრის კვეთის ისტორია აქვს. მამაკაცი 12 ივნისს შემოვიდა საქართველოში. პაციენტს კორონავირუსზე ტესტის შედეგებით, სუსტი დადებითი პასუხი აქვს და რამდენიმე დღეში ისევ ჩაუტარდება ტესტირება.