რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის კაბინეტები დაათვალიერა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია მხოლოდ იმ მრავალპროფილურ კლინიკებში ტარდება, რომლებსაც რეანიმაციული განყოფილება აქვთ. ყველა სამედიცინო დაწესებულებას აქვს შესაბამისი რესურსი, როგორც პაციენტთა ნაკადების მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით. ამცრელი გუნდი დაკომპლექტებულია სამი ადამიანით – ექიმით, ექთანითა და რეგისტრატორით. თითოეულ გუნდს ჩატარებული აქვს შესაბამისი ტრენინგი, როგორც აცრის, ისე აცრის შემდგომ, შესაძლო გართულების სამართავად.

გარდა ამისა, ეკატერინე ტიკარაძემ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დიალიზის და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის დეპარტამენტიც დაათვალიერა.

განყოფილება იმ პაციენტებისთვის არის განკუთვნილი, რომლებსაც თირკმლის ქრონიკული დაავადების მეხუთე სტადია და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის – კერძოდ ჰემოდიალიზის მხარდაჭერა ესაჭიროება.

დიალიზისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის დეპარტამენტში სამედიცინო მომსახურეობა 500-მდე პაციენტს ჩაუტარდა.

განყოფილებაში არის უახლესი გერმანული წარმოების 2020 წლის გამოშვების სტანდარტების შესაბამისი 20 B-Braunis ტიპის სადიალიზო აპარატები, ფუნქციური საწოლები და წყლის საწმენდი სისტემა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

აღნიშნული სამედიცინო ტექნიკა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შეიძინა. მ8გვიანებით ეკატერინე ტიკარაძე შეხვდა რეგიონის მედპერსონალს.