„როსატომის“ ხელმძღვანელის განცხადებით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ავარიის საფრთხეა
რუსული კომპანიის, „როსატომის“ ხელმძღვანელის თქმით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ავარიის საფრთხეა.
ამის შესახებ ალექსეი ლიხაჩევმა „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, გასულ დღეებში სადგურის ტერიტორიის მიმართულებით 30-ჯერ გაისროლეს.
„დარტყმები ხორციელდება გადამუშავებული ბირთვული საწვავის საცავზე, სპეციალურ კორპუსზე, სატრანსპორტო მაგისტრალზე, დაზიანებულია სარეზერვო დიზელ გენერატორები“, – განაცხადა ლიხაჩევმა.
მანამდე რუსეთის სამხედრო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ კიევი „არ წყვეტს პროვოკაციებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტექნოგენური კატასტროფის საფრთხის შესაქმნელად“.
შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექსტროსადგურს თებერვლის შემდეგ რუსეთი აკონტროლებს. გასულ დღეებში გავრცელდა ცნობები, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რამდენჯერმე გაუხსნეს ცეცხლი. დაზიანდა რამდენიმე შენობა, სისტემები და აღჭურვილობა, თუმცა, როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში განაცხადეს, არც ერთი მათგანი არ ყოფილა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სადგურის უსაფრთხოებისთვის.