პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება გვექნება

10:02, 06.07.2023

რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შემთხვევაში პოლონეთს ადეკვატური რეაგირება ექნება, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა.

„ეს იქნება სრულიად ახალი ვითარება. ამიტომ ჩვენ ადეკვატურად ვუპასუხებთ“, – განაცხადა რაუმ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი დარტყმის შემთხვევაში ეს ნატო-ს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს შეეხება.

„ამიტომ ამას შესაბამისი რეაგირება დასჭირდება. და ნუ ელით, რომ ზუსტად გეტყვით, რა იქნება ეს პასუხი“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ რუსებმა, შესაძლოა, მალე დაიწყონ მზადება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციებისთვის – მათ ასაფეთქებელი ნივთიერებების მსგავსი ობიექტები მოათავსეს ორი ენერგობლოკის სახურავებზე. ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, რობ ბაუერმა კი განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შემთხვევაში მისი შედეგები მთელ მსოფლიოზე აისახება.

მსგავსი