პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება გვექნება
რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შემთხვევაში პოლონეთს ადეკვატური რეაგირება ექნება, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა.
„ეს იქნება სრულიად ახალი ვითარება. ამიტომ ჩვენ ადეკვატურად ვუპასუხებთ“, – განაცხადა რაუმ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი დარტყმის შემთხვევაში ეს ნატო-ს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს შეეხება.
„ამიტომ ამას შესაბამისი რეაგირება დასჭირდება. და ნუ ელით, რომ ზუსტად გეტყვით, რა იქნება ეს პასუხი“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ რუსებმა, შესაძლოა, მალე დაიწყონ მზადება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციებისთვის – მათ ასაფეთქებელი ნივთიერებების მსგავსი ობიექტები მოათავსეს ორი ენერგობლოკის სახურავებზე. ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, რობ ბაუერმა კი განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შემთხვევაში მისი შედეგები მთელ მსოფლიოზე აისახება.