ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კვლავ უკრაინის ენერგოსისტემასთანაა მიერთებული
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კვლავ უკრაინის ენერგოსისტემასთანაა მიერთებული

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კვლავ უკრაინის ენერგოსისტემასთანაა მიერთებული. აღნიშნულის შესახებ „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში” განაცხადეს.

„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კვლავ იღებს ელექტროენერგიას პირდაპირ ეროვნული ქსელიდან მას შემდეგ, რაც ინჟინრებმა შეაკეთეს ოთხიდან ერთი ძირითადი გარე ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც დაზიანდა კონფლიქტის დროს”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტო აღნიშნავს, რომ აღდგენილი ხაზი ახლა უზრუნველყოფს სადგურს საჭირო ელექტროენერგიით, რეაქტორის გასაგრილებლად და უსაფრთხოების სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციების უზრუნველსაყოფად.

უკრაინის ელექტროსისტემასთან სადგურმა ორი კვირის წინ დაკარგა კავშირი. იგი ჯერ თავად ქარხნის მიერ გამომუშავებულ ენერგიას იყენებდა, ხოლო შემდეგ ახლომდებარე თბოელექტროსადგურიდან იღებდა საჭირო ენერგიას.

ამჟამად სადგურის ექვსივე რეაქტორი ცივ რეჟიმზეა გადართული, მაგრამ მათ მაინც სჭირდებათ ელექტროენერგია უსაფრთხოების აუცილებელი მახასიათებლების შესანარჩუნებლად.