რომელი საათია? - მზე, წყალი, ქანქარა და ატომები
რომელი საათია? - მზე, წყალი, ქანქარა და ატომები

ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც დრო ყველაზე მნიშვნელოვანია. ხშირად წარმატება და წარუმატებლობა ნანოწამებზეა დამოკიდებული. დღევანდელ მსოფლიოში, ჩვენს ცხოვრებაზე დრო ბატონობს.

თავის ბესტსელერში, „დროის მოკლე ისტორია“, ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი შეგვახსენებს:

„უწესრიგობა ან ენტროპია განასხვავებს წარსულს მომავლისგან და გვაძლევს დროის მიმართულებას“.

არ არსებობს მტკიცებულება, რომ წარსულში დაბრუნება რაიმე გზით შეგვიძლია. დროს წინ მივყავართ და ამ დროს, ადამიანები სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირად ზომავდნენ.

მზისა და წყლის საათები

ალბათ ვერასოდეს გავიგებთ, ვინ იყო ის პირველი კაცი ან ქალი, რომელმაც დროის გაზომვის სტრუქტურის შექმნა სცადა. ძველი აღთქმის წიგნში „დაბადება“ ვხვდებით დროის აღნუსხვას დღიდან-დღემდე ან საღამოდან დილამდე. ძველი გვიპტელები იყენებდნენ მზის მარტივ საათებს და დღეებს მცირე მონაკვეთებად ყოფდნენ. მეცნიერთა აზრით, დაახლოებით ძვ. წ. 1500 წლისთვის, აისსა და დაისს შორის არსებულ მონაკვეთს ისინი 12 ნაწილად ყოფდნენ.

ძველეგვიპტური მზის საათი

დროის ჩვენთვის ცნობილი დაყოფა უფრო ბოლო პერიოდს ეკუთვნის და დროისა და მისი აღნუსხვის ამჟამინდელი ტერმინოლოგია სათავეს იღებს ბაბილონელებისა და ებრაელებისგან („დაბადებაში“ კვირა შვიდდღიანია). რესპუბლიკის ეპოქაში, ძველრომაელებს რვა დღე ჰქონდათ. მათ შორის ერთი ვაჭრობის დღე იყო, როცა ხალხი საქონელს ყიდულობდა და ყიდდა. ახ. წ. მე-4 საუკუნეში, როცა იმპერატორმა კონსტანტინემ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, ოფიციალურად შემოიღო შვიდდღიანი კვირაც.

მზის საათი უფრო დახვეწეს ძველმა ბერძნებმა და მოგვიანებით რომაელებმა. რომაელები ასევე იყენებდნენ წყლის საათებს, რომლებსაც მზის საათზე ასწორებდნენ და შესაბამისად, დროის გაზომვა მაშინაც შეეძლოთ, როცა მზე არ ანათებდა — ღამით ან ნისლიან ამინდში. ამ ხელსაწყოს კლეფსიდრას უწოდებდნენ და ის დროის გასაზომად ის წყლის ნაკადს იყენებდა. როგორც წესი, კონტეინერს წყლითა ავსებდნენ, რომელსაც ის თანდათან გასდიოდა და საბოლოოდ, ცარიელდებოდა.

სეზონების მიხედვით დღის ხანგრძლივობის ცვალებადობა ძველ რომში დროის გაზომვას საკმაოდ ართულებდა. საათებს თავდაპირველად დღის ხანგრძლივობისა და დღის დაყოფის მიხედვით ანგარიშობდნენ. წყლის საათი დროის გაზომვის მარტივ და გონივრულ გზას იძლეოდა.

საათების გამოჩენა

დროის გაზომვის უკეთეს საშუალებებს ადამიანები საუკუნეთა განმავლობაში ეძებდნენ. მე-18 საუკუნეში საათები სამეცნიერო ინსტრუმენტის სახით გამოჩნდა და არ იყენებდნენ დროის აღსანუსხად.

ქანქარიანი საათი გალილეო გალილეიმ შეიმუშავა, ჯერ კიდევ სტუდენტობისას. შთაგონების წყარო პიზის კათედრალში ჩამოკიდებული ლამპა გახდა, რომელიც წინ და უკან ქანაობდა.

მე-18 საუკუნეში, ინგლისელმა დურგალმა ჯონ ჰარისონმა დროის გასაზომად წყლის ქრონომეტრი შექმნა. მისი მთავარი მიზანი ზღვაში, გემზე ყოფნისას დროის მაღალი სიზუსტით გაზომვა იყო. გარდა ამისა, ის გრძედსა-და განედსაც ზომავდა (გემის რყევების გამო ქანქარიანი საათი ზღვაში გამოუსადეგარი იყო).

ჯონ ჰარისონის საათი. გრინვიჩის სამეფო ობსერვატორია.

ჰარისონის მოწყობილობა ვიზუალურად ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და გაკეთებული იყო საუკეთესო მასალებისგან. მაღალი სიზუსტით ზომავდა დროს და ზღვაში ადგილმდებარეობას. სულ მალე ის სამეფო ფლოტის შეუცვლელ ხელსაწყოდ იქცა.

მე-20 საუკუნეში საათების მწარმოებლებმა ტრადიციები გააგრძელეს. ამ სფეროში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ბრიტანელმა მესაათე ჯორჯ დანიელსმა.

ატომური და ლაზერული საათები

1950-იან წლებში ბრიტანეთის ფიზიკის ეროვნულ ლაბორატორიაში ატომური საათი შექმნეს. შედეგად, დროის განსაზღვრება უფრო ზუსტი გახდა, საწყის ერთეულად კი წამი გამოცხადდა.

1960 წელს ლაზერის გამოგონებამ დროის გაზომვა სამუდამოდ შეცვალა. ლაზერს შეუძლია წარმოქმნას ატოსეკონდის, ანუ წამის 10⁻¹⁸ წამის ხანგრძლივობის პულსები.

დღეისათვის დრო არა წამებით, არამედ ატომური სიხშირით განისაზღვრება, რასაც „ცეზიუმის სტანდარტს“ უწოდებენ. ის ზომავს რადიაციის „ციკლების“ ზუსტ ოდენობას (9,192 631,770) ცეზიუმის 133 ატომის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლისას.

ატომური დროის საზომის სიზუსტე კიდევ უფრო იხვეწება, რაზეც ძირითადად გაერთიანებული სამეფოს ფიზიკის ეროვნული ლაბორატორია მუშაობს.

რა იქნება მომავალში? როგორც ჰოკინგი იტყოდა — „მხოლოდ დრო გვეტყვის“. ერთი რამ კი უდავოა — დროის გაზომვა აუცილებლად უფრო დიდი სიზუსტით მოხდება და როგორც ჩანს, დრო უფრო მეტ ძალაუფლებას შეიძენს ჩვენს ცხოვრებაზე.

მომზადებულია theconversation.com-ის მიხედვით.