ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონაში ავღანეთის ელჩი გაძარცვეს
ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონაში ავღანეთის ელჩი გაძარცვეს

ბარსელონაში ავღანეთის ელჩი გაძარცვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ელ პერიოდიკო“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ინციდენტი ბარსელონას ერთ-ერთ ქუჩაზე, ადგილობრივი დროით 21:40 საათზე მოხდა.

მძარცველებმა ავღანელ დიპლომატს ალყა შემოარტყეს და მას ძვირადღირებული საათი წაართვეს. როგორც „ელ პერიოდიკო“ წერს, „ბულგარის“ ბრენდის საათი 17 ათასი ევროს ღირებულებისაა. თავდასხმის შედეგად ელჩმა ფეხის დაზიანება მიიღო. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. სამართალდამცველები თავდამსხმელებს ეძებენ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 17 აგვისტოს ბარსელონაში ძარცვაში ეჭვმიტანილი 10 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. გამოძიების ცნობით, ისინი გამვლელებს ოქროს სამკაულებს ართმევდნენ.