„როიტერი“ - ინდონეზიაში ვულკან „სემერუს“ ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა
ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე 3 676 მეტრი სიმაღლის მქონე ვულკანის, „სემერუს“ ამოფრქვევის შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
სამაშველო სამსახურების მიერ ათასობით ადამიანი იქნა გადაყვანილი უსაფრთხო ადგილას. ამჟამად, ძლიერი ქარისა და წვიმის გამო, სამაშველო-სამძებრო სამუშაოები დროებით შეჩერებულია.
ინდონეზიის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, უახლოეს თვეებში დაზარალებული ადგილებიდან ევაკუირებული მოსახლეობის ახალ სახლებში გადაყვანაა დაგეგმილი.
ვულკანი „სემერუ“ ინდონეზიის 100 აქტიურ ვულკანთა რიცხვში შედის. ვულკანი პირველად შაბათს ამოიფრქვა და მიმდებარე არეალი ვულკანური ფერფლით დაფარა.