„როიტერი“ - „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეფერხდა
„როიტერი“ - „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეფერხდა

უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ სამრეწველო კომპლექსიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობები დღეს შეფერხდა.

ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.

არსებული ცნობებით, გაურკვეველია, რამ გამოიწვია შეფერხება, მაგრამ მანამდე ქალაქის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა კვირას „აზოვსტალის“ დაბომბვა მას შემდეგ განაახლეს, რაც ავტობუსების კოლონამ ეს ტერიტორია დატოვა.

როგორც მედია წერს, დღეს, ორშაბათს, მარიუპოლიდან ევაკუირებული პირველი ჯგუფი 230 კილომეტრით დაშორებულ, უკრაინული ძალების მიერ კონტროლირებად ქალაქ ზაპოროჟიეში უნდა ჩასულიყო, მაგრამ არსებული ცნობებით, ავტობუსებმა ვერ შეძლეს შეთანხმებულ საევაკუაციო პუნქტამდე მისვლა.

ქალაქის საბჭომ ევაკუაციისთვის მომზადებულ მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.