როგორ იფრინა „ინჯენუიტიმ“ მარსზე — ისტორიული ფრენის სრული ვიდეო #1tvმეცნიერება
როგორ იფრინა „ინჯენუიტიმ“ მარსზე — ისტორიული ფრენის სრული ვიდეო #1tvმეცნიერება

რამდენიმე საათის წინ, NASA-ს მარსულმა ვერტმფრენი „ინჯენუიტი“ პირველი საჰაერო ხომალდი გახდა, რომელმაც მექანიზებული, კონტროლირებადი ფრენა განახორციელა სხვა პლანეტაზე.

მზის ენერგიაზე მომუშავე ვერტმფრენი სამი მეტრის სიმაღლეზე აფრინდა და ჰაერში 30 წამის განმავლობაში დარჩა. ამის შემდეგ, ის უკან დაეშვა და აფრენიდან 39,1 წამის შემდეგ, მარსის ზედაპირზე დაჯდა. მონაცემებს სატესტო ფრენის დამატებითი დეტალების შესახებ, NASA ახლა ამუშავებს.

„ინჯენუიტის“ ფრენა ავტონომიურად განხორციელდა — მართავდა საბორტო სახელმძღვანელო, ნავიგაცია და საკონტროლო სისტემის ალგორითმები, რომლებიც NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის ჯგუფმა შექმნა. იმის გამო, რომ წითელი პლანეტიდან გამოგზავნილი მონაცემები დედამიწამდე მოსაღწევად ასობით მილიონ კილომეტრს გადის, შემდეგ კი იღებს NASA-ს Deep Space Network-ი, „ინჯენუიტის“ ჯოისტიკით მართვა შეუძლებელია; შესაბამისად, მის ფრენაზე რეალურ დროში დაკვირვება შეუძლებელი იყო.

ფრენის სრული პროცესის ამსახველი ვიდეო, რომელსაც NASA აქვეყნებს, იქვე მყოფმა მავალმა „პერსევერანსმა“ გადაიღო.

NASA-ს მეცნიერების ასოცირებულმა ადმინისტრატორმა თომას ზურბაკენმა დაასახელა იმ ველის სახელიც, რომლის თავზეც ვერტმფრენმა იფრინა.

„ახლა, 117 წლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც ძმებმა რაიტებმა ჩვენს პლანეტაზე პირველი ფრენა განახორციელეს, NASA-ს ვერტმფრენმა „ინჯენუიტიმ“ იგივე უკვე სხვა პლანეტაზე გააკეთა. მართალია, ავიაციის ამ ორ გამორჩეულ მომენტს ერთმანეთისგან 278 მილიონი კილომეტრი აშორებს, მაგრამ ისინი სამარადისოდ იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული. დედამიწაზე შესრულებული პირველი ფრენის ავტორების პატივსაცემად, მარსის ამ მონაკვეთს ძმები რაიტების ველი დაერქმევა“, — აღნიშნა ზურბაკენმა.

49 სმ სიმაღლის „ინჯენუიტი“ ტექნოლოგიების სადემონსტრაციო პროექტია და სამეცნიერო ინსტრუმენტებით აღჭურვილი არ არის. 1,8-კილოგრამიანი ვერტმფრენი წარმოადგენს იმის დემონსტირებას, რომ წითელი პლანეტის კვლევაში მომავალში შეიძლება საჰაერო ხომალდებიც ჩაერთონ.

პირველი ფრენა სავსე იყო გაურკვევლობებით. წითელ პლანეტას გაცილებით დაბალი გრავიტაცია აქვს, დედამიწის გრავიტაციის მხოლოდ ერთი მესამედი; ამავე დროს, უკიდურესად თხელია მისი ატმოსფეროც — ჩვენს პლანეტასთან შედარებით, ზედაპირზე წნევა მხოლოდ 1 პროცენტია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ ძალიან ცოტაა ჰაერის მოლეკულები, რომლებთან ურთიერთქმედებაც „ინჯენუიტის“ 1,2 მეტრი სიგანის როტორულ ფრთებს შეეძლო. ვერტმფრენი შეიცავს უნიკალურ კომპონენტებს, მრავალი მათგანი სმარტფონების ინდუსტრიიდანაა და ღრმა კოსმოსში ისინი პირველად გაიტესტა, ამ მისიის ფარგლებში.

„ინჯენუიტის“ მიერ ფრენის დროს გადაღებული საკუთარი ჩრდილი.

„ინჯენუიტი“ წითელ პლანეტაზე თებერვალში ჩავიდა, მავალ „პერსევერანსთან“ ერთად, მის მუცელში ჩამონტაჟებული.

„პერსევერანსის“ მისიის მთავარი მიზანი ასტრობიოლოგიაა, მათ შორის, უძველესი მიკრობული სიცოცხლის ნიშნების ძებნა. მავალი დაახასიათებს პლანეტის გეოლოგიას და წარსულის კლიმატს, გზას მოუმზადებს წითელ პლანეტაზე ადამიანთა ჩასვლას და პირველი მისია იქნება, რომელიც მარსის ქანებისა და რეგოლითის (დამსხვრეული კლდე და მტვერი) ნიმუშებს აიღებს და შეინახავს.

მომზადებულია mars.nasa.gov-ის მიხედვით.