როგორ დაჯდა იაპონიის ხომალდი შორეული ასტეროიდის ზედაპირზე [ვიდეო]
როგორ დაჯდა იაპონიის ხომალდი შორეული ასტეროიდის ზედაპირზე [ვიდეო]

2019 წლის 11 ივლისს იაპონიის კოსმოსური ხომალდი „ჰაიაბუსა2“ ასტეროიდ რიუგუს ზედაპირზე დაჯდა. ამ დროს მისი კამერა ჩართული იყო და მთელი პროცესი გადაიღო.

იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ (JAXA) გადაღებული ფოტოებისგან ანიმაცია ააწყო, რომელიც ასახავს, როგორ იღებს ზონდი ზედაპირიდან ნიმუშებს, შემდეგ კი უკან ბრუნდება და ასტეროიდის ორბიტაზე საწყის პოზიციას უბრუნდება.

მისია 2014 წელს გაუშვეს და ასტეროიდ რიუგუსთან ის ერთი წლის წინ მივიდა. 2018 წლის სექტემბერში ობიექტის ზედაპირზე მან ორი პატარა მავალი გადასვა.

2019 წლის თებერვალში ხომალდი პირველად დაეშვა ასტეროიდოს ზედაპირზე მინერალების ნიმუშების ასაღებად. შეგროვებულ ნიმუშებს ზონდი დედამიწაზე ჩამოიტანს, რის შემდეგაც მეცნიერები მის ანალიზებს დაიწყებენ და იმედოვნებენ, რომ გაცილებით მეტ ახალ ინფორმაციას მიიღებენ ადრეული მზის სისტემის შესახებ, რადგან მიჩნეულია, რომ რიუგუ სწორედ იმ პერიოდშია წარმოქმნილი.

ზონდმა ნიმუშები მეორედ უკვე ასტეროიდის წიაღიდან აიღო. აპრილში „ჰაიაბუსამ“ ასტეროიდს სპეციალური იმპაქტორი ესროლა, რომელმაც აფეთქების შედეგად ქვედა ფენების მატერია ზედაპირზე ამოყარა. სწორედ ეს ნიმუშები აიღო ხომალდმა მეორე დაშვებისას.

ზონდის კამერამ ფოტოგადაღება ასტეროიდის ზედაპირიდან 8,5 მ სიმაღლიდან დაიწყო; კადრებს ის ყოველ 0,5-5 წამში ერთხელ იღებდა, როგორც დაშვებისას, ისე უკან დაბრუნებისას, როდესაც ის ზედაპირიდან 15 მ სიმაღლეზე განთავსდა.

საერთო ჯამში, პროცესს 10 წუთი დასჭირდა. აღებული ნიმუშები ახლა სპეციალურ კონტეინერშია მოთავსებული და დედამიწაზე ჩამოტანას ელოდება.

„ჰაიაბუსა2“ ასტეროიდ რიუგუს 2019 წლის დეკემბერში დატოვებს და უძვირფასეს ნიმუშებს მშობლიურ პლანეტაზე 2020 წლის დეკემბერში ჩამოიტანს.