როგორ აიცილა თავიდან ავსტრალიამ კორონავირუსის ყველაზე უარესი სცენარი
მიღებული ზომების წყალობით, ავსტრალიის ჯანდაცვის სისტემამ თავიდან აიცილა კატასტროფა და COVID-19-ის ეპიდემიას საკმაოდ კარგად მართავს, ამბობენ მკვლევრები, რომელთა მოდელებიც მთავრობამ საპასუხო ზომების მიღებისას გაითვალისწინა. ზოგიერთი ეს მოდელი, რომელიც მათ მთავრობას თებერვლის დასაწყისში წარუდგინეს, 7 აპრილს საჯაროდ გამოაქვეყნა მელბურნის უნივერსიტეტის პიტერ დოჰერტის ინფექციებისა და იმუნიტეტის ინსტიტუტმა.
თეორიული მოდელები, რომლებიც ჯერ რეცენზირებული არ არის და ეფუძნება ავსტრალიასა და მის ფარგლებს გარეთ ვირუსის გავრცელების შესახებ არსებულ ინფორმაციას, მიუთითებს, რომ ვირუსის გავრცელების შესაკავებლად მიღებული ზომების გარეშე, ავსტრალიის საავადმყოფოები ახლა გადავსებული იქნებოდა. ოფიციალური მონაცემებისა და ამ სცენარის მიხდვით, ეპიდემია პიკს მაისში მიაღწევდა და ყოველდღიურად საჭირო იქნებოდა რეანიმაციული განყოფილების 35 000 საწოლი.
როგორც მაჩვენებლები მიუთითებს, სოციალურმა დისტანცირებამ, იზოლაციამ და კარანტინმა ამ პიკის დროს ასეთ საწოლებზე დღიურ მოთხოვნა 5000-მდე უნდა შეამციროს. ავსტრალიას ამჟამად ინტენსიური თერაპიის მხოლოდ 2200 საწოლი აქვს, მაგრამ მათ გაზრდას 7000-მდე გეგმავს.
ავსტრალიამ ჩინეთიდან შემსვლელთათვის საზღვარი პირველ თებერვალს ჩაკეტა. ჯანდაცვის უწყებამ ჩაატარა კორონავირუსის 304 000-ზე მეტი ტესტი, აქტიურად იკვლევდა კონტაქტებს, ახდენდა საეჭვო პირთა კარანტინსა და იზოლაციას, შემოიღო ფიზიკური დისტანცირების ზომა, მაგალითად, დახურა ბიზნესები და შეზღუდა თავყრილობები.
„ავსტრალიამ საკმარისად ადრეულად იმოქმედა და ეს ნაწილობრივ ჩვენი კვლევების გათვალისწინებით განახორციელა“, — ამბობს მელბურნის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგი ჯეიმს მაკკაუ, რომელსაც აღნიშნული მოდელების შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის.
ავსტრალიაში ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 6000-ზე მეტია, გარდაცვლილია 51 ადამიანი. ახალ შემთხვევათა ყოველდღიური მაჩვენებელი 500-დან 100-მდე შემცირდა.
„როგორც ჩანს, მრუდი ბრტყელდება და თანაც ძლიერად. თუმცა, ჩვენი მოსახლეობა დიდწილად მაინც მოწყვლადია. შესაბამისად, თუ მოვდუნდებით და ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდებით, ვიხილავთ ეპიდემიის აფეთქებას და ხელახლა აზვირთებას“, — ამბობს მაკკაუ.
ავტორთა დასკვნით, იმისათვის, რათა საავადმყოფოებმა ნორმალურ რეჟიმში მუშაობა შეძლონ, საჭიროა აქტიური სოციალური დისტანცირება, ინფიცირებულ ადამიანთა იზოლირება და მათი კონტაქტების კარანტინში გადაყვანა.
„ავსტრალია საკმაოდ იღბლიანი აღმოჩნდა და ვიმყოფებით კარგ პოზიციაში, როცა უკვე შეგვიძლია ვიფიქროთ შემდეგ ნაბიჯებზე საკმაოდ მშვიდი და არაკრიზისული პოზიციიდან“, — აღნიშნავს მაკკაუ.
მეცნიერები მიესალმებიან მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების მიღებისას გაიზიარა მათი მოდელი.
„ეს ნაბიჯი ექსპერტებს მოდელის ანალიზისა და რეკომენდაციების შემუშავების საშუალებას მისცემს“, — ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის კომპლექსური სისტემების მკვლევარი მიხაილ პროკოპენკო.
ამ მომენტისთვის, მოდელი არ შეიცავს დეტალურ პროგნოზებს იმის შესახებ, რა შეიძლება მოხდეს სინამდვილეში ავსტრალიაში.
„ავსტრალიის პრევენციულმა პასუხმა და ძლიერმა ჯანდაცვის სისტემამ ქვეყანას ვირუსის კონტროლის საშუალება მისცა, ეს კი გახლავთ პრივილეგია, რომელიც ბევრ ქვეყანას ნამდვილად არ აქვს“, — აღნიშნავს მოდელირების კვლევის ხელმძღვანელი, მელბურნის უნივერსიტეტის პიტერ დოჰერტის ინფექციებისა და იმუნიტეტის ინსტიტუტის ეპიდემიოლოგი ჯოდი მაკვერონი.
კონკრეტული ზომების ეფექტიანობის შესაფასებლად, მკვლევრები ახლა მოდელის დახვეწაზე მუშაობენ, რისთვისაც ავსტრალიაში ვირუსის გავრცელების ახალ მონაცემებს იყენებენ.
მომზადებულია nature.com-ის მიხედვით.