კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრები - სამხედრო ოპერაცია რაფაჰში კატასტროფული იქნება
კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ლიდერებმა ისრაელს ღაზაში ცეცხლის დაუყონებლივი ჰუმანიტარული შეწყვეტისკენ მოუწოდეს, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა რაფაჰში ისრაელის მიერ დაგეგმილი სამხედრო ოპერაციის შესახებ ცნობების საპასუხოდ.
„ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ისრაელი გეგმავს სახმელეთო შეტევას რაფაჰში. სამხედრო ოპერაცია რაფაჰში კატასტროფული იქნება. სასწრაფოდ საჭიროა ცეცხლის ჰუმანიტარული შეწყვეტა“, – ნათქვამია სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების განცხადებაში.
განცხადებაში ისინი ისრაელს მოუწოდებენ, არ განახორციელოს შეტევა, თუმცა ამასთან ერთად აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ შეიძლება იყოს „ცალმხრივი“ და მოითხოვენ „ჰამასისგან“ მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა უპირველესი და უმთავრესი მოთხოვნაა. არ შეიძლება, რომ პალესტინელმა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა გადაიხადონ „ჰამასის“ დამარცხების ფასი“, – ნათქვამია განცხადებაში.