როდის და როგორ მოვიშინაურეთ კატები — დაკარგული ისტორიის ახალი დეტალები #1tvმეცნიერება
როგორც ახალი გენეტიკური კვლევა აჩვენებს, კატების მოშინაურების ისტორია თითქმის 10 000 წელს ითვლის; სავარაუდოდ, ადამიანებსა და კატებს შორის კავშირის დასაბამი დიდი ალბათობით გახდა ჩვენი წინაპრების ცხოვრების წესის ცვლილება.
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა შემთხვევითი ჯიშის 1000-ზე მეტი კატის გენოტიპი შეისწავლა ევროპიდან, აზიიდან და აფრიკიდან; ისინი კონცენტრირებულია იმ თითქმის 200 გენეტიკურ მარკერზე, რომლებიც ადგენს კავშირს ტერიტორიასა და ჯიშს შორის.
„ჩვენ მიერ შესწავლილი დნმ-ის ერთ-ერთი მთავარი მარკერები იყო მიკროსატელიტები, რომლებიც ძალიან სწრაფად განიცდიან მუტაციას და მინიშნებებს გვაძლევენ კატების ბოლოდროინდელი პოპულაციებისა და გასული რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში ჯიშის განვითარების შესახებ“, — ამბობს მისურის უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის კოლეჯის კატების გენეტიკოსი ლესლი ლიონსი.
მისი განცხადებით, მათ მიერ შესწავლილი კიდევ ერთი საკვანძო დნმ მარკერი იყო ერთი ნუკლეოტიდი პოლიმორფიზმი, რომლებიც წარმოადგენს ერთჯერად ცვლილებებს მთელ გენომში, რაც მინიშნებებს გვაძლევს მათი უძველესი ისტორიის შესახებ, რამდენიმე ათასი წლის წინ.
მოშინაურების უძველესმა ნიშნებმა მკვლევართა ჯგუფი ნაყოფიერი ნახევარმთვარის რეგიონამდე მიიყვანა, მდინარე ტიგროსსა და ევფრატს შორის. ამ რეგიონს „ცივილიზაციის აკვანს“ უწოდებენ და წინა კვლევებიც მიუთითებს, რომ სწორედ ამ ადგილას დაიწყო კატების მოშინაურების ამბავი.
ამჟამინდელი ჰოლოცენის გეოლოგიური ეპოქის დაწყებისას, ადამიანები მონადირე-შემგროვებელი ცხოვრების წესიდან უფრო ერთ ადგილას დასახლებისკენ გადაერთნენ — სოფლის მეურნეობას ერთ კონკრეტულ ადგილას აწარმოებდნენ. ამ ახალ როლში, მათთვის დიდი შვება უნდა ყოფილიყო მავნებელი მღრღნელების კონტროლი, რასაც კატები უზრუნველყოფდნენ; ეს კი საზოგადოებებს აქტიურად ახალისებდა, რომ ხელი შეეწყოთ კატების მათთან ერთად ყოფნისთვის.
ამ ჰიპოთეზას ახლა კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება უმაგრებს ზურგს. გენეტიკურ შედარებებზე დაყრდნობით, ასევე ძლიერ სავარაუდოა, რომ ეს მოშინაურებული კატები მსოფლიოს გარშემო ადამიანებთან ერთად გავრცელდნენ — სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი მოშინაურება სხვადასხვა ადგილებში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ცალკეულად არ მომხდარა.
მკვლევართა განცხადებით, ათასობით წლის შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში კატების გენებს აქვს „მანძილით იზოლაციის“ ნიშნები, რა დროსაც, პოპულაციებს შორის გენეტიკური მსგავსებები მათ შორის გეოგრაფიული მანძილის ზრდასთან ერთად მცირდება. მაგალითად, დასავლეთ ევროპაში კატების გენეტიკური შემადგენლობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კატებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულად გამოიყურება.
მკვლევრებს ასევე სურთ ხაზი გაისვან სხვაობებს სახლის კატებსა (Felis catus) და ზოგიერთ სხვა ცხოველს შორის, მაგალითად, ცხენებთან და ძაღლებთან, როდესაც საქმე ეხება მოშინაურების ეფექტებსა და ადამიანების გარემოცვაში გატარებულ ცხოვრებას.
„რეალურად, კატებს შეგვიძლია ნახევრად მოშინაურებული ვუწოდოთ, რადგან თუკი მათ ველურ ბუნებაში დავტოვებთ, მათივე ბუნებრივი ქცევებიდან გამომდინარე, ისინი სავარაუდოდ მაინც ინადირებენ, გადარჩებიან და შეჯვარდებიან“, — ამბობს ლიონსი.
მისივე განცხადებით, ძაღლებისა და სხვა შინაური ცხოველებისგან განსხვავებით, მოშინაურების პროცესში კატების ქცევები დიდად ვერ შევცვალეთ; შესაბამისად, ისინი კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ განსაკუთრებული ცხოველები არიან.
ამ და წინა კვლევათა ფარგლებში ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაოები გვეხმარება კატებისა და ადამიანებისთვის საერთო დაავადებათა გენეტიკური მონაცემთა ბაზის შექმნაში, მათ შორის არის სიბრმავე და ნანიზმი (ქონდრულობა). სინამდვილეში, კატების გენეტიკური სტრუქტურა ადამიანებისას ყველა სხვა არაპრიმატი ცხოველისაზე მეტად ჰგავს.
თირკმლის პოლიკისტოზური დაავადება კიდევ ერთი მაგალითია დაავადებისა, რომელსაც შეიძლება გენეტიკური ინფორმაციით შევებრძოლოთ. გენეტიკური ტესტებით დადგინდა, რომ ამ დაავადების მაჩვენებელი ყველაზე დაბალი სპარსულ კატებშია; ამჟამად, მეცნიერები ატარებენ კვების რაციონზე დაფუძნებულ ცდებს ამ დაავადების სამკურნალოდ.
კვლევა ჟურნალ Heredity-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია showme.missouri.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.