კატები ერთმანეთისა და პატრონების სახელებს იმახსოვრებენ — იაპონიაში ჩატარებული კვლევის შედეგები #1tvმეცნიერება
კატები ერთმანეთისა და პატრონების სახელებს იმახსოვრებენ — იაპონიაში ჩატარებული კვლევის შედეგები #1tvმეცნიერება

ისინი შეიძლება არაკომუნიკაბელურები არიან და ისე იქცევიან, თითქოს არსებობის უფრო მაღალ საფეხურზე არიან, ვიდრე ადამიანები, მაგრამ კატები იმაზე ცბიერები არიან, ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ.

ბოლო წლებში მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ კატები სინამდვილეში ღრმად არიან ადამიანებზე მიჯაჭვული. ამ კომპლექსურ ქმნილებებს ჩვენთან კომუნიკაცია შეუძლიათ და უფრო მეტიც, ჩვენს მოძრაობებსაც კი აკონტროლებენ.

კიდევ უფრო საოცარი კი ის არის, რომ კატებმა საკუთარი სახელიც იციან (უნარი, რომელიც ძირითადად ძაღლებთან ასოცირდება) და როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, მათი შესაძლებლობები იმაზე მეტია, ვიდრე შეიძლება წარმოგვედგინოს.

ახალ კვლევაში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გარდა საკუთარი სახელის ცოდნისა, კატები მათთვის ნაცნობი სხვა კატების სახელებსაც სცნობენ და შეიძლება, იმავე ოჯახის ბინადარ ადამიანთა სახელებიც იცოდნენ.

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ იმის წარმოდგენა, რომ კატამ შეიძლება თქვენი სახელი იცოდეს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ შესაძლებელია ძაღლების ისე გაწვრთნა, რათა ასობით საგნის სახელი დაიმახსოვროს, ალბათ ეს უკვე აღარც ისე ძლიერ გაგიკვირდებათ.

ყველაზე უცნაური კი ალბათ იმის გაცნობიერებაა, რომ ეს არაკომუნიკაბელური, ერთი შეხედვით უკონტაქტო არსებები მთელი ამ ხნის განმავლობაში ფარულად უსმენდნენ ჩვენს საუბარს.

„ჩვენი აღმოჩენა გასაოცარია. მსურს, ხალხმა სიმართლე იცოდეს. ისე ჩანს, კატები თითქოს არ უსმენენ ადამიანთა საუბარს, მაგრამ სინამდვილეში, ისინი ამას აკეთებენ“, — ამბობს იაპონიის აცაბუს უნივერსიტეტის ცხოველთა მეცნიერების მკვლევარი საჰო ტაგაკი.

ექსპერიმენტებში, ტაკაგიმ და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს კატები, რომლებიც შენობებში სხვა კატებთან ერთად ცხოვრობდნენ, როგორც შინაური, მრავალკატიანი ოჯახების ბინადრები, ისე იაპონიის ე. წ. კატების კაფეების ბინადარნი, სადაც მნახველებს იქ მცხოვრებ მრავალ კატასთან ურთიერთობა შეუძლიათ.

ტესტებში მკვლევრები თავისივე სახლის ან კაფის ბინადარი ნაცნობი კატის სურათს კომპიუტერის ეკრანზე აჩვენებდნენ (რასაც „მოდელ კატას“ უწოდებდნენ).

სურათის გამოჩენისთანავე, მფლობელის ხმის ჩანაწერი მოდელი კატის (ნაცნობი კატის) სახელს ხმამაღლა ამბობდა, ანდაც სხვა კატის იძახდა („შეუსაბამო მდგომარეობა“).

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ოჯახის ბინადარი კატები კომპიუტერის ეკრანს უფრო დიდხანს უყურებდნენ სხვა კატის ფოტოს ჩვენებისას, ანუ ე. წ. შეუსაბამო მდგომარეობაში; ალბათ იმიტომ, რომ აბნევდათ მოდელი კატისა და სახელის შეუსაბამობა.

თუმცა, ექსპერიმენტის დროს კომპიუტერის ეკრანს ამდენივე ხანს არ უყურებდნენ კაფის ბინადარი კატები, ალბათ იმიტომ, რომ ისინი შენობაში სხვა მრავალ კატასთან ერთად ცხოვრობდნენ და ნაკლებად იცნობდნენ შერჩეულ მოდელ კატას და მის სახელს.

„მხოლოდ სახლის კატები ელოდებოდნენ კონკრეტული კატის სახის დანახვისას მისი სახელის გაგონებას. სახელის გაგებისას, სუბიექტები შესაბამის სახეს ელოდნენ“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

მკვლევართა აზრით, კატებმა სახელი-სახის ამ სახის ურთიერთკავშირი სავარაუდოდ მესამე მხარის ურთიერთობებზე დაკვირვებით ისწავლეს სახლში; შესაძლებელია, რომ კატების კაფის ბინადარ კატებს, სადაც ათობით კატა ცხოვრობს, რომ აღარაფერი ვთქვათ იქ შემსვლელ მრავალ უცხო ადამიანზე — არ აქვთ სხვა კატების სახელების სოციალურად სწავლის ასეთივე შესაძლებლობა.

მსგავსი ტესტი მკვლევრებმა კიდევ ერთ ექსპერიმენტში ჩაატარეს, მაგრამ მოდელი კატის ნაცვლად, სტიმულად ადამიანებს იყენებდნენ. კატებს უჩვენებდნენ მათთან ერთად მცხოვრები ადამიანის სახეს (მრავალწევრიანი ოჯახის) და იმავე დროს ამბობდნენ ამ პიროვნების სახელს ან სულ სხვა სახელს.

ამ შემთხვევაშიც, კატები კომპიუტერის ეკრანს ოდნავ უფრო დიდხანს უყურებდნენ, როდესაც არ ემთხვეოდა ადამიანის სახე და სახელი; ეს ეფექტი სულ უფრო დიდი ხდებოდა იმ შემთხვევებში, როცა კატასთან სახლში უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობდა და ოჯახებში, რომლებშიც კატა უკვე დიდხანს ბინადრობდა.

„ჩვენი ინტერპრეტაციის მიხედვით, უფრო მეტ ადამიანთან ერთად მცხოვრებ კატებს სახელების გაგონების უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე ცოტა ადამიანთან ერთად მცხოვრებლებს; ამავე დროს, ასეთ გამოცდილებას ზრდის ოჯახთან უფრო დიდხანს ცხოვრება“, — წერენ მკვლევრები.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სტიმულის უფრო ხშირად გამოცდა ზრდის სახელი-სახის ასოციაციის ალბათობას.

როგორც მკვლევრები აცხადებენ, მათი კვლევა წარმოადგენს პირველ მტკიცებულებას, რომ შინაური კატები ყოველდღიური გამოცდილების მეშვეობით აკავშირებენ ადამიანთა გამოთქმებს და მათ სოციალურ რეფერენტებს, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კვლევა საკმაოდ პატარა იყო და საჭიროა სამომავლო კვლევები.

ჯგუფი აცნობიერებს იმასაც, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით კატებში სოციალური სწავლების მიღმა არსებული კონკრეტული მექანიზმების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში მონაწილე ცხოველები სახელებსა და სახეებს ერთმანეთთან აკავშირებდნენ, ჯერ კიდევ გადაჭრით არ ვიცით, როგორ ავითარებენ ისინი ამ ასოციაციას თავიანთ საცხოვრებელ გარემოში.

ავტორთა განცხადებით, ამის მიზეზი ნაწილობრივ არის კატების კვლევის სირთულე.

„ერთ-ერთმა კატამ მხოლოდ ერთი ცდა გაიარა, შემდეგ კი ოთახიდან გაიქცა და გაუჩინარდა“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.