მეცნიერებმა შექმნეს ინიექცია, რომელმაც შეიძლება მდედრი კატების სტერილიზაცია ჩაანაცვლოს — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა შექმნეს ინიექცია, რომელმაც შეიძლება მდედრი კატების სტერილიზაცია ჩაანაცვლოს — #1tvმეცნიერება

გენური თერაპიით მკურნალობის ერთი ექსპერიმენტული ინიექცია შეიძლება საკმარისი იყოს, რათა მდედრმა კატამ გამრავლება ვეღარასოდეს შეძლოს. ამის შესახებ მცირე, კონცეფციის დამადასტურებელი კვლევა იუწყება.

პლანეტაზე დაახლოებით 600 მილიონი შინაური კატაა და მათგან 80 პროცენტი უპატრონოა.

სტერილიზაციის ეს პოტენციურად ახალი მეთოდი მიუსაფარი კატების პოპულაციის საკონტროლებლად შეიძლება უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი იყოს, ვიდრე კატის საკვერცხისა და საშვილოსნოს ქირურგიულად ამოჭრა, რაც მათ დაჭერას, გასტერილებას და შემდეგ გაშვებას გულისხმობს.

ამ შემთხვევაში, მკურნალობაში ჩართულია ანტიმიულერის ჰორმონი (AMH), რომელიც საკვერცხის რეცეპტორებს აერთებს ერთმანეთთან და ოვულაციას არეგულირებს.

კუნთშიდა ინიექციის სახით შეყვანის შემდეგ, ის უჯრედებს დიდი ოდენობით ანტიმიულერის ჰორმონს აწარმოებინებს. ამ მეთოდმა წარსულში აჩვენა, რომ თაგვის საკვერცხეში ხელს უწყობს ფოლიკულების განვითარებას და იწვევს მუდმივ კონტრაცეფციას.

ახალ კვლევაში ცხრა ძუ კატა გამოიყენეს, რომელთაგან ექვსს (ბეტი, დოლი, ჯეკი, ებიგეილი, ბარბარა და მერი) გენური თერაპია გაუკეთეს. დანარჩენ სამს (მიშელი, ნენსი და როზალინი) კი არა.

ცხრავე კატა შეჯვარების 4-თვიან ცდაში ჩართეს; სამუშაო დღეებში, მათთან რვა საათის განმავლობაში იყო მამრი კატაც. მკვლევრები აკვირდებოდნენ შეჯვარების აქტებს და ყოველკვირეულად უკეთებდნენ ულტრაბგერას, რათა დაედგინათ, იყვნენ თუ არა ისინი მაკედ.

პირველივე შეჯვარების შემდეგ, სამივე საკონტროლო კატა დამაკდა და თითომ 2-დან 4-მდე კნუტი დაყარა. მაკედ არ დარჩენილა ექვსიდან არცერთი დამუშავებული კატა.

მკვლევართა დასკვნით, სტერილიზაციის ინიექციებმა ექვსივე კატაში უსაფრთხოდ და ეფექტიანად, სამუდამოდ დათრგუნეს ოვულაცია.

კიდევ უფრო უკეთესი კი ის არის, რომ ინიექციის გაკეთებიდან ორი წლის შემდეგ, არცერთ კატას არ აღენიშნებოდა გვერდითი რეაქციები.

ანტიმიულერის ჰორმონის დონე მათი სისხლის შრატში ერთი წლის შემდეგ გარკვეულწილად შემცირდა, მაგრამ ორი წლის შემდეგ მაინც სამიზნე ზღვარს მაღლა დარჩა. შემდეგი კვლევებია საჭირო, რათა დადგინდეს, რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს ამ ეფექტებმა.

„ვაჩვენეთ, რომ ეს ვექტორული კონტრაცეპტივი ახდენს შეჯვარებით გამოწვეული ოვულაციის პრევენციას, რაც განაპირობებს სრულ უნაყოფობას და შეიძლება, შინაური კატების გამრავლების კონტროლის უსაფრთხო და გამძლე სტრატეგია იყოს“, — წერენ მკვლევრები.

გარდა იმისა, რომ საკვერცხეებზე მოქმედებს, ანტიმიულერის ჰორმონის მომატებამ ასევე შეიძლება იმოქმედოს კატის თავის ტვინზე და შესაძლოა ჰორმონების გზით დაბლოკოს სქესობრივი ან რეპროდუქციული ქცევაც.

„სამივე საკონტროლო კატა გაუჩერებლად ჯვარდებოდა ორივე მამრთან, ექვსი დამუშავებული კატიდან ოთხი კი იგერიებდა მამრების მიერ შეჯვარების ყოველ მცდელობას“, — წერენ მკვლევრები.

შემდეგი კვლევებია საჭირო, რათა დადგინდეს, როგორ ცვლის გენური თერაპიით მკურნალობა ნერვულ აქტივობას თავის ტვინის იმ ნაწილში, რომელიც რეპროდუქციულ ქცევაშია ჩართული.

თუმცა, როგორც შედეგები მიუთითებს, გენურ თერაპიას ოვულაციის დათრგუნვა ისე შეუძლია, რომ საფრთხე არ შეუქმნას საკვერცხისა და საშვილოსნოს იმ სხვა ფუნქციებს, რაც მათ ცხოველის ჯანმრთელობაში აქვთ.

ათწლეულებია, ოფიციალური კატები მიუსაფარ კატებს ქირურგიულად ასტერილებენ. თუმცა, უცნობია, რამდენად მუშაობს ასეთი პოლიტიკა უპატრონო კატების რაოდენობის შემცირებაში ან როგორ აისახება ეს ქუჩაში მათ ცხოვრებაზე.

მიუსაფარი კატები ადგილობრივი ველური ბუნების წარმომადგენლებს ხოცავენ, ავრცელებენ დაავადებებს და უკონტროლოდ მრავლდებიან.

მიუსაფარი კატების კნუტების დაახლოებით 75 პროცენტი ექვსი თვის ასაკამდე კვდება.

ზოგიერთ ქვეყანაში მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მაგალითად, ავსტრალიაში მილიონობით მიუსაფარი კატაა.

უკვე წლებია, მეცნიერები კატების კონტროლის უფრო ეთიკურ მეთოდებს ეძებენ, იქნება ეს კონტრაცეპტული აბები თუ იმპლანტანტები.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.