ჩინეთის ხელისუფლება პირველად აცხადებს, რომ ძაღლები და კატები ჩვენი კომპანიონები არიან და მათი ჭამა არ შეიძლება
ჩინეთის ხელისუფლება პირველად აცხადებს, რომ ძაღლები და კატები ჩვენი კომპანიონები არიან და მათი ჭამა არ შეიძლება

პირველად ისტორიაში, ჩინეთის ხელისუფლება ოფიციალურად აცხადებს, რომ ძაღლები შინაურ ცხოველებად უნდა განვიხილოთ და არა პირუტყვად. მთავრობის ეს განცხადება აჩენს იმედს, რომ საბოლოოდ დასრულდება ქვეყანაში გაჩაღებული ძაღლისა და კატის ხორცით ვაჭრობა.

ცოტა ხნის წინ, კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებულ სხვა ზომებთან ერთად, ჩინეთის ხელისუფლებამ აკრძალა ველური ცხოველებით ვაჭრობა და მათი საკვებად მოხმარება. მეცნიერებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი SARS-CoV-2 ადამიანებში ქალაქ უხანის ცხოველების ბაზრობიდან გავრცელდა.

„ადამიანთა ცივილიზაციის პროგრესთან, საზოგადოების შეშფოთებასთან და ცხოველთა დაცვის წინა პლანზე წამოწევასთან ერთად, ძაღლები ტრადიციული შინაური ცხოველებიდან კომპანიონ ცხოველებად გადაიქცნენ. მსოფლიოში ძაღლებს პირუტყვისა და მეხორცეობის კუთხით არ უყურებენ, ასე უნდა იყოს ჩინეთშიც“, — განაცხადა ჩინეთის სოფლის მეურნეობისა და სასოფლო საქმეთა მინისტრმა.

ამ მოხსენებასთან ერთად, სამინისტრო აქვეყნებს კატალოგის დოკუმენტის პირველად ვერსიას, რომელშიც შესულია ყველა ის ცხოველი, რომლებით ვაჭრობაც დასაშვებია სახორცედ ან სამედიცინო მიზნებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ოფიციალურ სიაში კატები და ძაღლები არასოდეს ყოფილა შეტანილი, ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთის ხელისუფლება იძულებულია აღიაროს საკუთარი დაუდევრობა. დოკუმენტი 8 მაისამდე იქნება ღია საზოგადოებრივი კონსულტაციებისთვის.

ჩინეთში ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონ ძაღლს კლავენ ხორცით ვაჭრობისთვის. ორგანიზაცია Humane Society International-ის მონაცემებით, ამ ქვეყანაში ძაღლის ხორცს საკვებად მოსახლეობის 20 პროცენტზე ნაკლები იყენებს.

2016 წელს მთელი ჩინეთის მასშტაბით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჩინეთის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილის აზრით, ძაღლის ხორცით ვაჭრობა მთლიანად უნდა აიკრძალოს; გამოკითხულთა 70 პროცენტს ძაღლის ხორცი არასოდეს ჰქონდა ნაჭამი. ცოტა ხნის წინ, შენჟენი გახდა ჩინეთის პირველი ქალაქი, რომელმაც ძაღლის ხორცის მოხმარება და წარმოება სრულიად აკრძალა.

Humane Society International-ის დირექტორის, ვენდი ჰიგინსის განცხადებით, ჩინეთის ეს ახალი კანონპროექტი შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს ჩინეთში ცხოველთა უფლებების დაცვის კუთხით, რადგან უნდა ველოდოთ დიდი ცვლილებას მთავრობის პოლიტიკაში ამ მიმართულებით.

სამინისტროს კანონპროექტს უკვე მოჰყვა წინააღმდეგობა ძაღლებთან დაკავშირებული ბიზნესის მხრიდან, განსაკუთრებით კი გუანსი-ჯუანის ავტონომიურ რაიონში, სადაც ძაღლის ხორცით ვაჭრობაში ათასობით ადამიანია ჩართული.

ერთ-ერთმა ასეთმა ბიზნესმენმა სახელმწიფო გამოცემა Global Times-ს განუცხადა, რომ მთავრობის ასეთმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ადგილობრივთა ცხოვრების პირობები გააუარესოს, რადგან ბევრი ადამიანისთვის პროფესიის შეცვლა რთული იქნება.

პოინტერის ინსტიტუტის მონაცემებით, ძაღლის ხორცს ხანდახან ჭამენ ნიგერიაში, ტოგოში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში.

საკვებად ვარგისი ცხოველების კატალოგის მონახაზი ჩინეთმა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ერთ-ერთმა ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ კატები და ქრცვინები COVID-19-ის გადადების მხრივ ძლიერ მგრძნობიარენი არიან.

Science-ში გამოქვეყნებული ამ კვლევის მიხედვით, ვირუსის გადადების ნაკლები რისკი აქვთ ძაღლებს, ქათმებს, ღორებსა და იხვებს.

მომზადებულია The Independent-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი