რიად მაჰრეზის გვერდზე „ფეისბუქში“ აღნიშნულია, რომ ის კარიერას ასრულებს
ინგლისის 2016 წლის ჩემპიონის “ლესტერის” ნახევარმცველმა რიად მაჰრეზმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო სავარაუდოდ, კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
„ბევრ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, გადავწყვიტე დავასრულო კარიერა. მინდა ყველა ლესტერელს მადლობა გადავუხადო დაუჯერებელი სიკეთისთვის და მხარდაჭერისთვის. ყოველთვის იქნებით ჩემს გულში“, – დაწერა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მაჰრეზმა.
ინგლისური მასმედიის აზრი ორად გაიყო – ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ დაადასტურა, რომ მაჰრეზის მიერ „ფეისბუქზე“ განთავსებული წერილი სანდო ინფორმაციაა, სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ფეხბურთელის გვერდი გატეხეს.
27 წლის ალჟირელმა პროფესიული კარიერა 2009 წელს, ფრანგულ კლუბ “კემპერში” დაიწყო. შემდეგ “ჰავრში” გადავიდა, 2014 წელს კი კონტრაქტი გააფორმა “ლესტერთან“. ამ გუნდის რიგებში მან 128 მატჩში 30 გოლი გაიტანა.