რევაზ სოხაძე - თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობას გადაადგილებაში რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა შეექმნას
თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, თბილისის საკრებულო მერიის პოზიციას სრულად იზიარებს და მემანქანეებს გაფიცვის შეწყვეტისა და სამუშაო ადგილზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
რევაზ სოხაძე აცხადებს, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეების შრომის ანაზღაურება უკანასკნელი წლების განმავლობაში სისტემატურად იზრდებოდა და დღეს 1400-1800 ლარს შეადგენს.
რევაზ სოხაძის განცხადებით, შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია და მემანქანეებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ თბილისის მცხოვრებლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიან.
„მემანქანეების დღევანდელი ქმედებები უკანონოა და სამწუხაროა, რომ თანამოქალაქეებს შანტაჟის ენით ელაპარაკებიან. მოვუწოდებ მათ, შეწყვიტონ ეს ქმედებები, რასაც გარკვეულწილად საბოტაჟიც კი შეიძლება ეწოდოს. ქალაქის მერმა განაცხადა, რომ თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თბილისის მოსახლეობას გადაადგილებაში რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა შეექმნას. მოგეხსენებათ, ავტობუსები მგზავრებს უფასოდ ემსახურებიან. ასევე მთელი ის რეზერვი ამოქმედდა, რაც ქალაქს გააჩნია და ვფიქრობ, რომ ვითარება უახლოეს დღეებში დარეგულირდება“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.