Reuters - ესპანეთი კარლეს პუიჩდემონის დაპატიმრებას მოითხოვს, თუ ბელგიიდან დანიაში გაემგზავრება
ესპანეთი კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუიჩდემონის დაპატიმრებას მოითხოვს, თუ ბელგიიდან დანიაში გაემგზავრება. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ესპანეთის პროკურატურამ განაცხადა.
ესპანეთის პროკურატურაში აცხადებენ, რომ პუიჩდემონის დანიაში ჩასვლის შემთხვევაში, სასამართლოს მისი დაკავების ორდერის ხელახლა გაცემას სთხოვს.
19 იანვარს კოპენჰაგენის უნივერსიტეტში განაცხადეს, რომ კარლეს პუიჩდემონი მომავალ კვირას პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე კატალონიის საკითხზე დებატებში მიიღებს მონაწილეობას.
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერის დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა, თუმცა დეკემბერში გააუქმა. როგორც პუიჩდემონის ადვოკატი აცხადებს, დანიაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების რისკი საკმაოდ მაღალია, თუმცა მისი თქმით, მას სჯერა, რომ დანიის ხელისუფლება ესპანეთის მოთხოვნის შესრულებაზე უარს იტყვის.
თავის ხმრივ დანიის პროკურატურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შექმნილ ვითარებას დააკვირდებიან.
კატალონიის ყოფილი ლიდერი ამჟამად ბრიუსელში იმყოფება.