reuters - ესპანეთი ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომ კარლეს პუიჩდემონმა შესაძლოა, რეგიონს გადასახლებაში ყოფნის პირობებშიც უხელმძღვანელოს
ესპანეთი ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომ კატალონიელმა სეპარატისტმა კარლეს პუიჩდემონმა შესაძლოა რეგიონს გადასახლებაში ყოფნის პირობებშიც უხელმძღვანელოს, თუ მას კატალონიის ახალი პარლამენტი პრეზიდენტად აირჩევს,- ამის შესახებ reuters წერს.
პუიჩდემონი ბრიუსელში ოქტომბერში გადავიდა, მას შემდეგ რაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ ის კატალონიის ლიდერის პოსტიდან გაათავისუფლა.
ამის მიზეზი კი პუიჩდემონის მიერ უკანონო რეფერენდუმის გზით რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადება გახდა.
რამდენიმე დღეში კატალონიის პარლამენტი რეგიონის ახალ მთავრობას დაამტკიცებს. სეპარატისტები აცხადებენ, რომ მათი კანდიდატი კვლავ კარლეს პუიჩდემონი იქნება.
ისინი განიხილავენ შესაძლებლობას, რომ პუიჩდემონი კატალონიის მართვას ბრიუსელიდან ვიდეო ჩართვების საშუალებით მოახერხებს. მარიანო რახოის განცხადებით კი ეს კანონის ცვლილების გარეშე შეუძლებელია.
„აბსურდია კატალონიის ლიდერი გახდეს ადამიანი, რომელიც ბრიუსელს აფარებს თავს. ეს საღ აზრს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა რახოიმ.