რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ოთხი ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის ერთი უკიდურესად მძიმე პაციენტი იყო
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ოთხი ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის ერთი უკიდურესად მძიმე პაციენტი იყო

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა, თეა თავართქილაძემ განაცხადა. მისი თქმით, გამოჯანმრთელებულთა შორის ერთი უკიდურესად მძიმე პაციენტი იყო.

თავართქილაძის თქმით, რაც შეეხება კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, დღეს კლინიკას ორი ახალი პაციენტი დაემატა. ორივე მათგანი მათთან ცხელების ცენტრიდან და საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თავართქილაძის თქმით, ახალი პაციენტების გარდა, კლინიკაში 48 კოვიდინფიცირებულ პაციენტი მკურნალობს, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, გარდა ერთისა, რომელსაც მწვავე პნევმონია და თანმხლები დაავადებები აქვს. თუმცა, ამის მიუხედავად, ხელოვნური სუნთქვის აპარატი არ სჭირდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები „კოვიდ-19“-ზე კიდევ 14 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან.

„ამ ეტაპზე, ჩვენს კლინიკაში არის 67 პაციენტი, აქედან არის 50 კოვიდინფიცირებული. დღეს დაგვემატა ორი პაციენტი და გუშინ სამი პაციენტი. ჩვენთან გაკეთებული ტესტირება ყველა პაციენტთან არის უარყოფითი, ანუ ეს არიან სხვა კლინიკიდან გადმოსული პაციენტები. რეგიონებიდან დაგვემატნენ, ზუსტად ვერ დავაკონკრეტებ. ჩვენთან მყოფი პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური. ამ ეტაპზე, ერთის მდგომარეობა რჩება საყურადღებო. სხვა პაციენტები არიან სპონტანურ სუნთქვაზე, ყველა პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური.

ოთხი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, მათ შორის სამი დღეს დატოვებს კლინიკას. ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, მას ჰქონდა ონკოჰემატოლოგიური დაავადება რეფრექტერული ქიმიოთერაპიის მიმართ. მინდა, სასიხარულო ინფორმაცია ვაცნობო ყველას, რომ ის კოვიდინფექციისგან გამოჯანმრთელებულია, ორი პასუხი მოვიდა უარყოფითი, ამიტომ მკურნალობის გაგრძელება მოხდება მისი ძირითადი დაავადების კუთხით“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა თავართქილაძემ მედიასთან ისაუბრა ტესტირების პროცესში კერძო კლინიკების ჩართვის შესახებაც. მისი განცხადებით, ტესტის აღება მიზანმიმართულად უნდა ხდებოდეს.

„რაც უფრო მეტი მეტი ადამიანის ტესტირება მოხდება, რა თქმა უნდა უკეთესია, მაგრამ ეს უნდა იყოს მიზანმიმართული. ძირითადად უნდა იყოს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე ალბათ პირველად ტესტირება და უნდა განისაზღვროს ალბათ, ვის რა ტესტები ჩაუტარდება, ვის ჩაუტარდება ანტისხეულზე ტესტი, ვის ჩაუტარდება ანტიგენზე და ვის პისიარტესტირება. უნდა ჩაერთონ თუ არა პროცესში კერძო კლინიკები, ეს უფრო ფართო მასშტაბის დისკუსიაა. უნდა შევხედოთ სტატისტიკას და ამის მიხედვით უნდა გადავწონოთ, ცალსახად ვერ გიპასუხებთ ამაზე“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.