ქირურგი მალხაზ გოგუა - სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩით, რომ მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნიდან მოკლე დროში მოახერხა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებთან შეხვედრა
ქირურგი მალხაზ გოგუა - სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩით, რომ მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნიდან მოკლე დროში მოახერხა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებთან შეხვედრა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგის მალხაზ გოგუას განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის კლინიკის ექიმებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საავადმყოფოს წინაშე მდგარ გამოწვევებს.

მალხაზ გოგუა მადლობას უხდის მინისტრს ექიმებთან შეხვედრისა და საავადმყოფოს საკითხით დაინტერესებისთვის.

„გუშინ გვქონდა შეხვედრა მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან. დაგვიკავშირდნენ და მობრძანდა ჩვენთან. ფართო დასწრება იყო, წარმომადგენლობითი შეხვედრა გამოვიდა. ბატონ მინისტრსაც ვუთხარით, რომ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩით, როცა ასე მოკლე დროში მოახერხა ჩვენთან მოსვლა. სულ ერთი დღის დანიშნულია და გვესმის, რომ უამრავი პრობლემაა, მაგრამ მინისტრმა გამონახა დრო, მობრძანდა ჩვენთან და ამისთვის კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო, ვისაუბრეთ კლინიკის წინაშე მდგარი პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ. მინისტრიც აქტიურად იყო ჩართული განხილვაში. პრობლემების გადაჭრის კონკრეტული გზები არ დასახულა, ვინაიდან ეს სხვა ფორმატის შეხვედრა იყო. ჩემი აზრით, ალბათ უფრო სამუშაო რეჟიმში შედგება შეხვედრა და უფრო კონკრეტულად იქნება საუბარი გადაჭრის გზებზე, თუმცა თითქმის ყველაფერზე ვისაუბრეთ. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი და ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა“, – აღნიშნა მალხაზ გოგუამ.

მალხაზ გოგოუას განცხადებით, ე.წ. რეორგანიზაციის შემდეგ, რესპუბლიკური საავამდყოფო პერსონალის დიდმა ნაწილმა დატოვა და ახლა საჭიროა თანამშრომლების შევსება, რათა კრიტიკულად მნიშვნელოვანმა განყოფილებებმა შეძლონ მუშაობა.

„იცით, რა ხდებოდა ჩვენი კლინიკის თავს, იყო კლინიკის დახურვის პოლიტიკა. ყველაფერი გაკეთდა ამისთვის, კანონიერიც და უკანონოც. გამოცხადებული იყო ე.წ. რეორგანიზაცია, ჩვენ ვეძახით მოსყიდვის რეჟიმს. წასვლის სანაცვლოდ თანხას სთავაზობდნენ თანამშრომლებს. წავიდა თითქმის ნახევარი პერსონალი, რაც ყველაზე მტკივნეულია და ეს მიზანმიმართულად გაკეთდა. წავიდა საშუალო მედპერსონალი, ალბათ მესამედი. წავიდა ისეთი განყოფილებებიდან, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომლებზეც სხვა განყოფილებებია დამოკიდებული. ეს არის გადაუდებელი მიმღები, ანესთეზიოლოგიური სამსახური, რეანიმაცია. პირველი რიგის ამოცანაა, რომ თანამშრომლები შეივსოს და ამ განყოფილებებმა აღადგინონ მუშაობა. ამის შემდეგ უკვე კლინიკაც სრულიად აღიდგენს თავის ფუნქციას.

პრობლემა არის ისიც, რომ ჩვენ არ გვყავს დღეს გადაწყვეტილების მიმღები პირი. კლინიკის დირექტორის მოვალეობას ასრულებს ბატონი ვლადიმერ შელია, რომელიც ასევე ასრულებს ჰოლდინგის დირექტორის მოვალეობას. ბატონი ვლადიმერი არის ფინანსისტი და, რა თქმა უნდა, გაუჭირდება კლინიკის წინაშე მდგარ პრობლემებთან გამკლავება. ესეც მოვახსენეთ მინისტრს, რომ პირველი რიგის ამოცანა არის კლინიკის ხელმძღვანელის დანიშნვა, რომელმაც შემდეგ უნდა განსაზღვროს გეგმა, როგორ მოხდება თანამშრომლების აყვანა და ა.შ. უამრავი განცხადებაა შემოსული, ასევე, 40-ზე მეტი თანამშრომელი, რომელიც წავიდა, აიღო კომპენსაცია, თანახმაა, რომ თანხა დააბრუნოს და ისევ დაბრუნდეს კლინიკაში, მაგრამ ამას უნდა ოფიციალური გაფორმება, ეს არ ხდებოდა დღემდე.

ბატონი მიხეილი დიდი ინტერესით ისმენდა ამ ყველაფერს. მოისმინა, თუმცა, რა თქმა უნდა, მარტო ჩვენი საუბრით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. აღნიშნა, რომ კიდევ იქნება არაერთი შეხვედრა, რათა პრობლემები მოგვარდეს. სავსებით გასაგებია, რომ ერთი დღის დანიშნული მინისტრი ერთი მოსვლით გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა. ეს სავსებით ნორმალურია, უბრალოდ, ჩვენ ძალიან გვეჩქარება. ორი კვირაა, თითქმის პარალიზების რეჟიმში ვართ, რაც აისახება ყველას განწყობაზე, მდგომარეობაზეც. რაც ყველაზე მთავარია, გვირეკავენ პაციენტები და ვერ ვემსახურებით“, – განაცხადა ქირურგმა, მალხაზ გოგუამ.