"რეალმა" ფორვარდის ძებნა დაიწყო, პსჟ-მ მწვრთნელის - სატრანსფერო ამბები
შემდგარი ტრანსფერები
ლუსიანო ვიეტო – “ვალენსიაში”
დღის პირველი ტრანსფერი “ვალენსიამ” განახორციელა. “ღამურებმა” იჯარით აიყვანეს 24 წლის არგენტინელი ლუსიანო ვიეტო და მისი გამოსყიდვის შესაძლებლობა 2018 წლის ზაფხულში ექნებათ. ვიეტო “ატლეტიკოში” 2015 წლის ზაფხულიდან ასპარეზობს. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ არც გოლი და არც შედეგიანი პასი არ ჰქონია.
ჩენქ თოსუნი – “ევერტონში“
“ბეშიქთაშის” მწვრთნელმა შენოლ გიუნეშმა დაადასტურა, რომ კლუბმა ჩენქ თოსუნის თაობაზე “ევერტონის” წინადადება მიიღო. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია “ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა სემ ელერდაისმაც დაადასტურა, ლივერპულურ კლუბში სამედიცინო შემოწმება ფეხბურთელმა უკვე გაიარა.
კონსტანტინოს მავროპანოსი – “არსენალში”
“არსენალმა” ახალგაზრდა ბერძენი მცველი კონსტანტინოს მავროპანოსი გაიფორმა, კონტრაქტი სამწლიანია. თავდაპირველად, ფეხბურთელი ბუნდესლიგაში იჯარით ითამაშებს, კერძოდ, ბრემენის “ვერდერში“.
დიეგო ფორლანი – “კიტჩიში“
38 წლის ურუგვაელმა ვეტერანმა დიეგო ფორლანმა ჰონგ კონგის ჩემპიონ “კიტჩისთან” კონტრაქტი გააფორმა. ფორვარდი კლუბს აზიის ჩემპიონთა ლიგის სტარტისთვის შეუერთდება.
დღის TOP4 ამბავი
1. კეპა არისაბალაგა – “რეალში”
ტრანსფერის ალბათობა: 90%
თითქმის ოფიციალურად არის გადაწყვეტილი, რომ “ბილბაოს” მეკარე კეპა არისაბალაგა მადრიდის “რეალში” გააგრძელებს კარიერას, თუმცა უცნობია, ტრანსფერი იანვარში შედგება თუ ზაფხულში.
2. ფილიპე კოუტინიო – “ბარსელონაში”
ტრანსფერის ალბათობა: 70%
ბოლო ინფორმაციები ფილიპე კოუტინიოზე. ჯერჯერობით, არანაირი შეთანხმება არ არსებობს, მაგრამ 150 მილიონი ევრო ის თანხაა, რომელსაც “ლივერპული” განიხილავს. ბრაზილიელი დღეს “ევერტონის” წინააღმდეგ არ ითამაშებს.
3. მაურო იკარდი/ტიმო ვერნერი – “რეალში”
ტრანსფერის ალბათობა: 60%
ზინედინ ზიდანი “რეალში” ახალი ფორვარდის შეძენას დათანხმდა. შესაბამისად, მადრიდული კლუბი ქარიმ ბენზემას შესაცვლელად ემზადება. მთავარი კანდიდატები არიან – “ინტერიდან” მაურო იკარდი და ტიმო ვერნერი “ლაიპციგიდან“.
4. ანტონიო კონტე – პსჟ-ში
ტრანსფერის ალბათობა: 40%
ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო საკუთარ “ტვიტერზე” წერს, რომ ანტონიო კონტე ”ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს და “პარი სენ-ჟერმენს” ჩაუდგება სათავეში. დღის ბოლოს, “პარი სენ-ჟერმენში” მთავარი მწვრთნელის უნაი ემერის სავარაუდო შემცვლელთა სიას კიდევ ერთი კანდიდატი დაემატა. ESPN წერს, რომ პარიზელები ანდრე ვილაშ-ბოაშით დაინტერესდნენ.
და კიდევ:
– ესპანური მედია წერს, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ტრანსფერზე სამი წინადადება მიიღო. “რეალს” პორტუგალიელის შენარჩუნება სურს.
– ბრიტანული პრესა ტეო უოლკოტს “არსენალიდან” ხან “საუთჰემპტონში” და ხან “ევერტონში” უშვებს, თუმცა, Corriere dello Sport წერს, რომ ინგლისელმა საკუთარი თავი “მილანს” შესთავაზა.
– თუ ალექსის სანჩესი “არსენალიდან” მაინც წავა, მაშინ არსენ ვენგერი ეცდება ჩილელი “დორტმუნდის” ფორვარდით პიერ-ემერიკ ობამეიანგით შეცვალოს.
– “ატლეტიკოს” 32 წლის მცველმა ხუანფრანმა, შესაძლოა, “რომაში” ამოჰყოს თავი. ტრანსფერს უკვე იანვარში ელოდებიან. ამის შესახებ წერს AS.
– “დორტმუნდი” ყურადღებით აკვირდება ჰენრიხ მხითარიანის სიტუაციას “მანჩესტერ იუნაიტედში”. გერმანელები მზად არიან სომეხი ნახევარმცველი დაიბრუნონ.
– ტიბო კურტუამ განაცხადა, რომ “ჩელსისთან” მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს და დაამატა, რომ მისი თანამემამულე ედენ აზარიც ანალოგიურად მოიქცევა. ლაპარაკია ხელშეკრულებაზე 2022/23 წლების სეზონის ბოლომდე. კურტუას ხელფასი წელიწადში 11.8 მილიონი ევრო გახდება და ბელგიელი პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე იქნება.
– ჟოზე მოურინიო, როგორც ჩანს, “მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩება. The Telegraph-მა გაარკვია, რომ კლუბის ხელმძღვანელობა პორტუგალიელს მალე ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.
– პრესტიჟული გამოცემა Kicker წერს, რომ “შალკეს” ნახევარმცველმა ლეონ გორეტცკამ ”ბაიერნს” თანხმობა მისცა, მაგრამ ჯერ კონტრაქტისთვის ხელი არ მოუწერია.
– “იუვენტუსის” მცველი შტეფან ლიხტშტაინერი კლუბს დატოვებს, მაგრამ იტალიიდან შორს არ წავა – შვეიცარიელით “რომაა” დაინტერესებული. Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, რომაელები მას თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანენ.