რაულ ხაჯიმბას პრესსამსახურში აცხადებენ, რომ „პარლამენტის“ დადგენილებამ შესაძლოა, გაართულოს სოციალურ-პოლიტიკური ვითარება და შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს
რაულ ხაჯიმბას პრესსამსახურში აცხადებენ, რომ „პარლამენტის“ დადგენილებამ შესაძლოა, გაართულოს სოციალურ-პოლიტიკური ვითარება და შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, „პარლამენტის“ მიერ მიღებულმა დადგენილებამ, რომელშიც „დეპუტატები“ რაულ ხაჯიმბას თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებენ, შესაძლოა, მხოლოდ გაართულოს სოციალურ-პოლიტიკური ვითარება და შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს, მიუხედავად იმისა, რომ დადგენილების მიზანი შემდგომი დესტაბილიზაციის თავიდან არიდებაა. დე ფაქტო პრეზიდენტი აუცილებლად მიიჩნევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ „დეპუტატებმა“ არაერთხელ აღნიშნეს, რომ დაელოდებოდნენ უზენაესი სასამართლოს დადგენილებას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

19 ხმით ოთხის წინააღმდეგ ოკუპირებული აფხაზეთის „დეპუტატებმა“ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირეს. დოკუმენტი დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან  აქცია დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. სოციალურ ქსელში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.

აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს და 8 სექტემბერს გაიმართა. არაღიარებული რესპუბლიკის საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმათა 47,39 პროცენტი მიიღო, ალხას კვიცინიამ კი  – 46,17 პროცენტი. მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55 პროცენტით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.

დღეს ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო მოსმენა დაიწყო „პრეზიდენტობის“ ყოფილი კანდიდატის, „ამცახარას“ ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე, რომელიც ცდილობს, გააბათილოს ე.წ არჩევნების შედეგები. მან ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 20 სექტემბერს შეიტანა. თუმცა, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც კვიცინიამ უზენაეს სასამართლოს“ მიმართა.