რატომ იბადება ზოგიერთი ბავშვი კუდით — მეცნიერება მიზეზის ძიებაში #1tvმეცნიერება
რატომ იბადება ზოგიერთი ბავშვი კუდით — მეცნიერება მიზეზის ძიებაში #1tvმეცნიერება

შეიძლება ზღაპარივით ჟღერდეს, მაგრამ ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ადამიანები შეიძლება უკანა ტანთან უძვლო გამონაზარდით დაიბადონ, რომლის სიგრძე ზოგჯერ 18 სანტიმეტრს აღწევს.

ამ დროისათვის, ოფიციალური მონაცემებით მსოფლიოში დაახლოებით 40 ბავშვია დაბადებული კუდით, რომელიც უძვლო, რბილ, თითის მსგავს გამონაზარდს წარმოადგენს და ადვილად სცილდება ქირურგიული ჩარევით.

მიუხედავად ასეთი იშვიათობისა, ასეთი შემთხვევები უჩვეულოდ ძლიერ ინტერესს, მღელვარებას და შფოთვას იწვევს. ხშირად იმიტომ, რომ „კუდი“ დიდი ხნის წინ გამქრალი წინაპრების კეთილთვისებიან, ევოლუციურ გადმონაშთად მიიჩნევა.

როგორც ჩანს, ასეთი მიდგომა ეფუძნება მოძველებულ თეორიას, რომელიც უკვე ათწლეულებია, სადავოა. ამ ბავშვების შემთხვევაში, რეალობა შეიძლება გაცილებით უარესი იყოს და ის ნამდვილად იმსახურებს სამედიცინო ყურადღებას.

გამონაზარდები, რომლებითაც ზოგიერთი ბავშვები იბადებიან, ისტორიულად მიიჩნეოდა „ნამდვილ“ ან „გაქრობად“ კუდად. თუმცა, ეს ცოტა მცდარია, რადგან ნამდვილად არ ჰგავს ბუნებაში არსებულ სხვა არცერთ კუდს. ძირითადად არ აქვს ძვლები, ხრტილები ან ზურგის ტვინი. ისინი უბრალოდ ჩამოკიდებული წანაზარდებია რაიმე მკაფიო ფუნქციის გარეშე.

მიუხედავად ამისა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს წანაზარდები ისეთივე უსაფრთხოა, როგორც მეცნიერები ადრე ფიქრობდნენ.

ამ კუდების წარმოშობის შესახებ არასწორი გაგება სათავეს თვით ჩარლზ დარვინიდან იღებს. საუკუნეზე მეტი ხნის წინ, დარვინი ვარაუდობდა, რომ ადამიანის ვესტიგალური კუდი ევოლუციური შემთხვევითობაა ან განუვითარებელი გადმონაშთი პრიმატი წინაპრისგან, რომელიც ოდესღაც კუდიანი იყო.

1980-იან წლებში, მეცნიერებმა ეს თეორია განავითარეს. ირწმუნებოდნენ, რომ გენეტიკური მუტაცია, რომელიც ადამიანებს განუვითარდა და კუდები გაუქრო, ზოგჯერ შეიძლება თავის წინაპრის მდგომარეობას დაუბრუნდეს.

1985 წელს, მნიშვნელოვანმა კვლევამ განსაზღვრა „კუდის“ ორი ძირითადი ტიპი, რომლითაც შეიძლება ბავშვები დაიბადონ. პირველი არის ვესტიგალური, ანუ ნამდვილი კუდი, რომელიც თავდაპირველად წინაპრების გადმონაშთად მიიჩნეოდა.

თუმცა, სვა სახის გამონაზარდი კუდუსუნიდან, რომელსაც ზოგჯერ ძვალიც აქვს, „ფსევდოკუდის“ სახელით არის ცნობილი.

ბავშვი კუდით

ისტორიულად, ფსევდოკუდი დაბადების დეფექტებთან ასოცირდებოდა და გადმონაშთად არ მიიჩნეოდა.

როგორც ჩანს, უკანა გამონაზარდი სავარაუდოდ წარმოადგენს ხერხემლის სვეტის არასრულ შერწყმას ან ე. წ. ხერხემლის დისრაფიზმს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მისი წარმოქმნა სულაც არ არის უსაფრთხო „რეგრესია“ ევოლუციურ პროცესში და წარმოადგენს დარღვევას ემბრიონის ზრდაში, რომლის მიზეზიც დიდი ალბათობით არის გენეტიკური და გარემოებითი ფაქტორების ნაზავი.

განვითარების მეხუთე კვირაში, ადამიანის ემბრიონს უჩნდება კუდის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც ნერვული მილისა და ნოტოქორდისგან შედგება — გარკვეულწილად ჰგავს ადრეულ ზურგის ტვინს.

განვითარების მერვე კვირაში, ამ კუდს ემბრიონი უკან იწოვს. თუ ის დაბადებამდე არ გაქრა, ეს შეიძლება დაბადების დიდ დეფექტზე მიუთითებდეს.

უფრო მეტიც, კუდით დაბადებული ბავშვები მასთან დაკავშირებული სერიოზული ნევროლოგიური დეფექტებისკენ არიან მიდრეკილი. მაგალითად, 2008 წელს, ერთი პუბლიკაცია ირწმუნებოდა, რომ ნამდვილი ვესტიგალური კუდები კეთილთვისებიანი არ არის, რადგან ისინი შეიძლება დაკავშირებული იყოს თანმხლებ დისრაფიზმთან.

შესწავლილ შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი დაკავშირებული აღმოჩნდა მენიმგოცელესთან ან spina bifida occulta-სთან.

ეს იმაზე მიუთითებს, რომ კუდით დაბადებულ ბავშვებს იმაზე დიდი სამედიცინო ყურადღება ესაჭიროებათ, ვიდრე უბრალოდ ქირურგიული ჩარევა. ამავე დროს, ის დიდად ეწინააღმდეგება 1985 წლის კვლევას, რომელიც ირწმუნებოდა, რომ „ადამიანის ნამდვილი კუდი კეთილთვისებიანი მდგომარეობაა, რომელიც დაკავშირებული არ არის ხერხემლის რაიმე თანმხლებ ანომალიურ განვითარებასთან.

უფრო მეტიც, 1995 წელს, მეცნიერები ირწმუნებოდნენ, რომ „ნამდვილი“ და „ფსევდო“ კუდით დაბადებულ ბავშვებს ქირურგიულ ჩარევასთან ერთად ესაჭიროებოდათ ნევროლოგიური სკანირებაც, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ მათი განვითარება ნორმალურად მიმდინარეობს.

გამომდინარე აქედან, საინტერესოა, რატომ მოიხსენიება მაშ კვლევებში ვესტიგალური კუდები გენეტიკური მემკვიდრეობის უწყინარ შედეგად?

პრობლემა ნაწილობრივ იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ უცნობია, მომდინარეობს თუ არა ნამდვილი კუდი პირდაპირ ემბრიონული კუდიდან, როგორც ამას ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს. უბრალოდ, მისი წარმომავლობის ზუსტად დასადგენად ჯერ საკმარისი კვლევა არ ჩატარებულა, რადგან შემთხვევები უიშვიათესია.

თუმცა, მიუხედავად იმისა, საიდან მომდინარეობს ჩვილებში კუდი, მტკიცებულებები ძლიერ მიუთითებს, რომ ის თანდაყოლილი პრობლემის შედეგია და სულაც არ არის უსაფრთხო ვესტიგალური მახასიათებელი.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.