რატომ გვეშინია კლოუნების — მეცნიერებმა მიზეზი გაარკვიეს #1tvმეცნიერება
რატომ გვეშინია კლოუნების — მეცნიერებმა მიზეზი გაარკვიეს #1tvმეცნიერება

თუ კლოუნების გეშინიათ, მარტო ნამდვილად არ ხართ. კულროფობია, ანუ კლოუნების შიში, ფართოდ აღიარებული ფენომენია.

როგორც კვლევები მიუთითებს, ეს შიში ერთნაირად არის წარმოდგენილი როგორც ზრდასრულებში, ისე ბავშვებში, მრავალ სხვადასხვა კულტურაში. თუმცა, ფოკუსირებული კვლევების ნაკლებობის გამო, ის კარგად არ არის შესწავლილი.

მიუხედავად იმისა, რომ აკადემიურ ლიტერატურაში ამ ფობიის მრავალი შესაძლო ახსნაა შემოთავაზებული, კონკრეტულად მისი წარმომავლობის შესახებ არც ერთი კვლევა არ იყო ჩატარებული.

ამიტომ, სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გადაწყვიტა, გაერკვია მიზეზი იმისა, რატომ ეშინიათ ადამიანებს კლოუნების; სცადეს დაედგინათ ამის მიღმა არსებული ფსიქოლოგიაც. მკვლევრებს ასევე სურდათ შეესწავლათ, რამდენად არის გავრცელებული კლოუნების შიში ზრდასრულებში და მიმოეხილათ ამ შიშის სიმწვავე.

კულროფობიის გავრცელებისა და სიმძიმის შესაფასებლად, მათ ფსიქომეტრიული კითხვარი შეადგინეს. კითხვარი კლოუნების შიშის შესახებ, მონაწილეთა 987-კაციანმა საერთაშორისო ჯგუფმა შეავსო, რომელთა ასაკიც 18-დან 77 წლამდე მერყეობდა.

რესპონდენტთა ნახევარზე მეტმა (53,5 პროცენტი) აღნიშნა, რომ გარკვეული ხარისხით მათ კლოუნების ეშინიათ, ხუთმა პროცენტმა კი განაცხადა, რომ კლოუნების უკიდურესად ეშინია.

საინტერესოა, რომ რაოდენობა, რომელიც კლოუნებისადმი უკიდურესი შიშის შესახებ იუწყება, ოდნავ მეტია, ვიდრე მათი, ვინც სხვა მრავალი ფობიის შესახებ იუწყება, მაგალითად, ცხოველების (3,8 პროცენტი), სისხლის/ნემსის/ჭრილობის/ (3 პროცენტი), სიმაღლის (2,8 პროცენტი), უძრავი წყლის ან ამინდის მოვლენების (2,3 პროცენტი), დახურული სივრცის (2,2 პროცენტი) და ფრენის (1,3 პროცენტი).

მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ კლოუნების ქალებს მეტად ეშინიათ, ვიდრე კაცებს. ასეთი განსხვავების მიზეზი უცნობია, მაგრამ თანხვედრაშია სხვა ფობიების შესახებ კვლევების შედეგებთან, მაგალითად, გველებისა და ობობების შიშის.

დადგინდა ისიც, რომ კულროფობია ასაკთან ერთად იკლებს, რაც ასევე ემთხვევა სხვა შიშების კვლევათა შედეგებს.

კლოუნების შიშის წარმომავლობა

მკვლევართა შემდეგი ნაბიჯი კლოუნებისადმი შიშის წარმომავლობის შესწავლა იყო. შემდეგი კითხვარი მისცეს მონაწილეთა იმ 53,5 პროცენტს, რომლებიც კლოუნებისადმი სულ მცირე გარკვეული ხარისხის შიშის შესახებ იუწყებოდნენ.

კითხვართა ახალი კრებული დაკავშირებულია ამ შიშის წარმოშობის რვა დამაჯერებელ ახსნასთან:

  1. კლოუნების მაკიაჟის გამო დაუფლებული საზარელი ან არასასიამოვნო გრძნობა აჩენს განცდას, რომ ისინი ადამიანებს არ ჰგვანან. მსგავსი რეაქცია ზოგჯერ შეიმჩნევა თოჯინებისა და მანეკენების მიმართაც.
  2. კლოუნების გაზვიადებული სახის ნაკვთები საფრთხის პირდაპირ განცდას აღძრავს.
  3. კლოუნის მაკიაჟი ემოციურ სიგნალებს მალავს და გაურკვევლობას ქმნის.
  4.  კლოუნების მაკიაჟის ფერი გვახსენებს სიკვდილს, ინფექციას ან სისხლიან ჭრილობას და აღძრავს ზიზღს ან თავიდან აცილების განცდას.
  5.  კლოუნების არაპროგნოზრებადი ქცევა უხერხულობას გვიქმნის.
  6.  კლოუნების შიში ოჯახის წევრებისგან ისწავლეს.
  7. კლოუნების უარყოფითი პორტრეტი პოპულარულ კულტურაში.
  8. საშინელი გამოცდილება კლოუნთან.

საინტერესოა, როგორც მკვლევრებმა გაარკვიეს, ბოლო ახსნას, რომელიც კლოუნებთან საშინელ გამოცდილებას გულისხმობს, თანხმობის ყველაზე ნაკლები მაჩვენებელი ჰქონდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მხოლოდ ცხოვრებისეული გამოცდილება საკმარისი არ არის იმის ასახსნელად, თუ რატომ ეშინიათ ადამიანებს კლოუნების.

ამის საპირისპიროდ, კულროფობიის ბევრად უფრო ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდა პოპულარულ კულტურაში კლოუნების ნეგატიური პორტრეტები.

ლოგიკურიც არის, რადგან ყველაზე ცნობილი კლოუნები წიგნებსა და ფილმებში ისეა წარმოჩენილი, რომ შეგვეშინდეს.

თუმცა, ზოგიერთ ადამიანს რონალდ მაკდონალდისაც ეშინია, სწრაფი კვების რესტორნების ქსელის თილისმის, რომლის მიზანიც თქვენი შეშინება სულაც არ არის. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კლოუნების გარეგნობაში შესაძლოა რაღაც უფრო ფუნდამენტური იყოს ის, რაც ადამიანებს აშინებს.

ძლიერი ფაქტორი, როგორც ეს მკვლევრებმა დაადგინეს, იყო ფარული ემოციური სიგნალები, რაც მიუთითებს, რომ მრავალი ადამიანისთვის, კლოუნების შიში იმით არის გამოწვეული, რომ მაკიაჟის გამო, ისინი მათი სახის რეალურ გამომეტყველებას ვერ ხედავენ.

ვერ ვხედავთ მათ „ნამდვილ“ სახეს და შესაბამისად, ვერ ვიგებთ მათ ემოციურ განზრახვას.

ამიტომაც, მაგალითად, არ ვიცით, აქვთ თუ არ შუბლი შეჭმუხნილი, რაც გაბრაზების ნიშანი იქნებოდა. შეუძლებელია იმის დადგენაც, რას ფიქრობს ან რა შეიძლება გააკეთოს მან.

ეს კვლევა გარკვეულ ახალ ცნობებს გვაწვდის კლოუნებისადმი შიშის შესახებ, მაგრამ მაინც მრავალი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი.

მაგალითად, თუკი მაკიაჟი, რომელიც ემოციებს მალავს, შიშს იწვევს, ასეთივე ეფექტს ქმნიან თუ არა ის ადამიანებიც, რომლებსაც სახე ცხოველის მსგავსად აქვთ მოხატული? არის თუ არა რაღაც უფრო კონკრეტული კლოუნების მაკიაჟში, რაც შიშს წარმოშობს? მკვლევართა ჯგუფი კვლევას ახლა სწორედ ამ მიმართულებით აგრძელებს.

კვლევა Frontiers in Psychology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.