ჩვენს მეზობლად არის პლანეტა, რომელიც თითქმის დედამიწის მსგავსია. არის დაახლოებით იმავე ზომის, შედგება იმავე მასალისგან და მოძრაობს იმავე ვარსკვლავის გარშემო.
სინათლის წლობით მანძილზე მყოფი უცხოპლანეტელი ასტრონომი, ტელესკოპით მზის სისტემაზე დაკვირვებისას ამ პლანეტას დედამიწისგან თითქმის ვერ გაარჩევს. თუმცა, თუკი მას ეცოდინება ვენერას ზედაპირზე არსებული გარემოს შესახებ — 400 გრადუსამდე ტემპერატურა, ნახშირორჟანგით გაჯერებული ატმოსფერო გოგირდმჟავას ღრუბლებით — მიხვდება, რომ ეს პლანეტა დედამიწისგან რადიკალურად განსხვავდება.
საინტერესოა, როგორ გახდა ერთმანეთისგან ასე განსხვავებული ორი პლანეტა, რომელიც ძალიან ჰგავს პოზიციით, ფორმაციითა და შემადგენლობით? ეს გახლავთ შეკითხვა, რომელიც სულ უფრო მეტ პლანეტურ მეცნიერს აფიქრებს; არსებობს ვენერას კვლევის რამდენიმე შეთავაზებაც. თუკი მეცნიერები დაადგენენ როდის და რატომ გადაიქცა ვენერა ასეთად, გვეცოდინება, ეს ფრიად დამახასიათებელია დედამიწის მსგავსი პლანეტებისთვის თუ ვენერაა გამონაკლისი.
ვენერა განსაკუთრებით საინტერესოა იმ მხრივ, რომ შორეულ წარსულში ის იყო პლანეტა, რომლის გარემოც დედამიწისგან დიდად არ განსხვავდებოდა.
ვენერასთან დაკავშირებით ამჟამად არსებული სამეცნიერო ხედვის თანახმად, ერთ დროს, შორეულ წარსულში, პლანეტას იმაზე გაცილებით მეტი წყალი ჰქონდა, ვიდრე მისი ამჟამინდელი ჯოჯოხეთური ატმოსფერო მიუთითებს; პლანეტა დაფარული უნა ყოფილიყო ოკეანეებითაც კი. თუმცა, თანდათან მზე უფრო კაშკაშა და ცხელი ხდებოდა და იზრდებოდა ვენერას ზედაპირის ტემპერატურაც, თანდათანობით აორთქლდა ზღვები და ოკეანეები.
ატმოსფეროში ასული დიდი ოდენობით წყლის ორთქლის გამო, პლანეტა შეუქცევადი სათბურის ეფექტის პროცესში შევიდა, რომლისგან თავის დაღწევაც შეუძლებელი აღმოჩნდა. უცნობია, ოდესმე მოქმედებდა თუ არა ვენერას დედამიწის მსგავსი ტექტონიკური ფილები. ამ ფილების მოქმედებისთვის წყალი კრიტიკულად მნიშვნელოვანია და სათბურის შეუქცევად პროცესს იქ ამ სითხის წყალობით მიმდინარე პროცესები უდავოდ უნდა შეეჩერებინა.
თუმცა, ფილების ტექტონიკის დასრულებამ არ გამოიწვია გეოლოგიური აქტივობის შეჩერება. პლანეტის მნიშვნელოვანმა შიდა სიცხემ განაგრძო მაგმის წარმოქმნა, რომელიც ზედაპირზე ლავის ვრცელი ნაკადების სახით იფრქვეოდა და პლანეტის ზედაპირის დიდი ნაწილიც დაფარა. ვენერას ზედაპირის საშუალო ასაკი 700 მილიონი წელია — ძალიან ძველი, მაგრამ გაცილებით ახალგაზრდა, ვიდრე მარსის, მერკურისა და მთვარის მრავალმილიარდწლიანი ზედაპირი.
ვენერას, როგორც წყლიანი პლანეტის შეხედულება მხოლოდ ჰიპოთეზაა. პლანეტურმა მეცნიერებმა დაზუსტებით არ იციან, რატომ შეიცვალა ასე ძალიან ეს პლანეტა, ზუსტად არც ისაა ცნობილი, მართლაც დაიწყეს თუ მან და დედამიწამ არსებობა ერთნაირი გარემო პირობებით. ადამიანებმა ვენერას შესახებ ყველაზე ნაკლები რამ ვიცით მზის სისტემის სხვა შიდა პლანეტებს შორის. ამის მიზეზი ძირითადად ის არის, რომ ვენერას კვლევას თან ახლავს რამდენიმე მეტად რთული გამოწვევა.
მაგალითად, გოგირდმჟავიან დაბურულ ღრუბლებში გასახედად და ზედაპირის დასანახად საჭიროა რადარი. ზედაპირის ტემპერატურა იქ 470 გრადუს ცელსიუსამდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი ელექტრონიკა ამ გარემოში მხოლოდ რამდენიმე საათს გაძლებს. შედარებისათვის კი გავიხსენოთ, რომ მარსზე გაგზავნილ მავალებს ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობა შეუძლიათ. ნაწილობრივ სიცხის, მჟავიანობისა და ბუნდოვანი ზედაპირის გამო, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ვენერას კვლევის მდგრადი პროგრამა არ ყოფილა.
თუმცა, 21-ე საუკუნეში უკვე გვაქვს ვენერას ორი მისია — ევროპის კოსმოსური სააგენტოს „ვენუს ექსპრესი“, რომელიც 2006-2014 წლებში მოძრაობდა ვენერას გარშემო და იაპონიის კოსმოსური სააგენტოს ხომალდი „აკაცუკი“, რომელიც ახლაც ვენერას ორბიტაზე მოძრაობს.
ადამიანები ვენერას ყოველთვის როდი აიგნორებდნენ. ერთ დროს ის ფრიად მიმზიდველი ადგილი იყო პლანეტური კვლევებისთვის — 1960-1980-იან წლებში დედამიწის დობილი პლანეტისკენ 35 მისია გაიგზავნა. ნასას ხომალდი „მარინერ 2“ პირველი იყო, რომელმაც 1962 წელს წარმატებით ჩაუფრინა ვენერას. თუმცა, ვენერას ზედაპირზე პირველი ფოტოები საბჭოთა კავშირის ხომალდმა „ვენერა 9-მ“ გადაიღო, რომელიც მის ზედაპირზე 1975 წელს დაჯდა. ასევე საბჭოთა „ვენერა 13“ კი პირველი ხომალდი იყო, რომელმაც სხვა პლანეტის ზედაპირიდან ხმა გამოაგზავნა. რაც შეეხება ნასას, უკანასკნელი მისია ვენერასკენ აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ 1989 წელს გაგზავნა. რადარის საშუალებით ამ ხომალდმა „მაგელანმა“ თითქმის მთლიანი ვენერას ზედაპირი გადაიღო, 1994 წელს კი გეგმის მიხედვით შეიჭრა პლანეტის ატმოსფეროში და განადგურდა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ნასას ვენერას რამდენიმე მისია შესთავაზეს. კოსმოსური სააგენტოს პლანეტური მისიის არჩევანი საბოლოოდ შეჩერდა ბირთვულ საწვავზე მომუშავე ხომალდ „დრაგონფლაიზე“ შეჩერდა, რომელიც სატურნის მთვარე ტიტანზე გაემგზავრება. თუმცა, ნასამ სამომავლო განვითარებისთვის შეარჩია კიდევ ერთი მისია, რომელიც ვენერას ზედაპირის შემადგენლობას შეისწავლის.
მხედველობაში მისაღებ სხვა მისიებს შორის არის ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროგრამა ვენერას ზედაპირის მაღალი რეზოულიციის რუკის მისაღებად; გეგმა აქვს რუსეთსაც, როგორც იმ ერთადერთი ქვეყნის მემკვიდრეს, რომელმაც ვენერას ზედაპირზე ხომალდი დასვა.
ჩვენი ჯოჯოხეთური მეზობლის კვლევა იმედისმომცემი ჩანს, მაგრამ აშკარაა, რომ ორბიტაზე მოძრავი მხოლოდ ერთი რადარი, რამდენი ხანიც არ უნდა იმუშაოს, ვენერას მრავალ საიდუმლოს ვერ ამოხსნის.
დედამიწის დობილი პლანეტის უკეთ შესასწავლად ცხადია, საჭიროა მდგრადი პროგრამა, რასაც დიდი დრო და ფული სჭირდება. თუკი დავადგენთ, რატომ და როგორ ჩავარდა ვენერა ისეთ მდგომარეობაში, როგორც ის დღესაა, უკეთესად გავიგებთ, როგორ ვითარდება დედამიწის მსგავსი პლანეტა, რომელიც დედავარსკვლავთან ასე ახლოს მდებარეობს. და ბოლოს, რა თქმა უნდა, ვენერამ შეიძლება ბევრი რამ გვითხრას დედამიწის ბედის შესახებაც.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.