რატომ და როგორ გადაიქცა ზოგიერთი მცენარე ხორცისმჭამელ მტაცებლად — #1tvმეცნიერება
1860 წლის ზაფხულის ერთ მშვენიერი დღეს, სეირნობისას ჩარლზ დარვინმა პირველად შენიშნა განსაკუთრებული ფენომენი მცენარეებში, რომელიც მეცნიერებს დღემდე საგონებელში აგდებს.
ინგლისის მინდვრებში შენიშნა დროზერა (Drosera rotundifolia), რომლის ფოთლებზეც უამრავი მწერი იყო მიწებებული.
ამ შეხვედრით, დარვინისთვის დაიწყო 16-წლიანი მცდელობა იმისა, რათა დაემტკიცებინა, რომ ზოგიერთი მცენარე ცხოველებს ჭამს, მათ ცილებს ფერმენტებით შლის, შთანთქავს და ზრდისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებად იყენებს.
ამ ამბის თქმისას, თავდაპირველად, დარვინს საკუთარმა ცოლმაც არ დაუჯერა.
„ამჟამად ის დროზერას ისე უყურებს, როგორც ცოცხალ არსებას და ვფიქრობ, იმედოვნებს, დაამტკიცოს, რომ ის ცხოველია“, — წერდა დარვინის ცოლი მეგობარს.
დღეს ბუნებისმეტყველები აღარც კი კამათობენ ხორცისმჭამელი მცენარეების არსებობის შესახებ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სრულად ვიცით, როგორ ჩამოუყალიბდათ სიცოცხლის ამ უცნაურ ფორმებს ცხოველ მსხვერპლზე თავდასხმის, დაჭერისა და მონელების უნარი, განსაკუთრებით ისეთი დიდი მსხვერპლის, როგორიც არის ამფიბიები და პატარა ძუძუმწოვრები.
დღეისათვის, მრავალი სხვადასხვა ზომისა და ფორმის ხორცისმჭამელი მცენარე არსებობს; მათ შორის, ბევრს აქვს როგორც კულულების მსგავსი ხაფანგები, ისე ჩასავარდნი მახეები. ზოგიერთი, მაგალითად, დროზერა, მწერების დასაჭერად მარტივ, წებოვან ხაფანგებს იყენებს, სხვებს კი, მაგალითად, სახელგანთქმულ ვენერას ბუზიჭერიას, მსხვერპლის დასაჭერად გაცილებით დახვეწილი, „დასახური ხაფანგი“ ჩამოუყალიბდა.
უახლესი გენეტიკური კვლევების მიხედვით, დასახური ხაფანგები თავდაპირველად მწერების დასაჭერი წებოვანი ლენტის სახით ჩამოყალიბდა, სულ მცირე 3-4 სხვადასხვა კლადში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.
2018 წელს ჩატარებული ერთ-ერთ კვლევაში მიაგნეს მტკიცებულებას, რომ ხორცისმჭამელი მცენარეები სულ მცირე ათჯერ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდნენ ყვავილოვან მცენარეებში. ისევ და ისევ, როგორც ჩანს, არამონათესავე მცენარეები ხელახლა იყენებენ მსგავსი ქცევის გენს, რათა უკეთ მოერგონ მტაცებლური ცხოვრების წესს.
„ამ მცენარეებს გენეტიკური ხელსაწყოების მთელი ნაკრები აქვთ და ცდილობენ, გადაჭრან ხორცისმჭამლად გადაქცევის პრობლემა. და ბოლოს, ყველა მათგანი პრობლემიდან ერთსა და იმავე გამოსავალს პოულობს“, — წერდა 2017 წელს ბუფალოს უნივერსიტეტის ბიოლოგი ვიქტორ ალბერტი.
ხორცისმჭამელი მცენარეები ძირითადად საკვები ნივთიერებებით ღარიბ ზონებში იზრდებიან, მაგალითად, ჭაობებსა და ჭარბტენიან ადგილებში; ერთი ნორმალური ზომის მწერი ვენერას ბუზიჭერიას რამდენიმე კვირის საკმარ ფოსფორსა და აზოტს აწვდის.
შესაბამისად, მათ ნამდვილად აქვთ ასეთი კომპლექსური და ენერგიული ხაფანგების წარმოქმნის მოტივაცია; ახალი გენეტიკური კვლევები სულ უფრო მეტ ცნობას გვთავაზობს, როგორ ახერხებენ ისინი ამას.
როგორც ჩანს, მათ აირჩიეს მცენარეთა დაცვის უნივერსალური სისტემის ნაწილი, რომელიც ქიმიურ ნივთიერება ჟასმონატებს (მცენარეთა ჰორმონი) იყენებს. უმეტესი მცენარე ამ ნივთიერებებს საფრთხის შესახებ ერთმანეთის გასაფრთხილებლად იყენებს, მაგრამ როგორც 2019 წელს აღმოაჩინეს, ამ მცენარეთა ხაფანგები მათ იმ ფერმენტთა შესაკრებად იყენებენ, რომლებიც მსხვერპლს შლის და იძახებს საკვებ ნივთიერებათა გადამტანებს.
თუმცა, ეს მეთოდი ვეგეტაციურ მტაცებელთა მხოლოდ ერთ ჯგუფში დააფიქსირეს. ამავე სისტემად არ იყენებს ცხიმურა (Pinguicula) და მრავალი სხვა სახეობის სტრატეგიები ჯერ ისევ საიდუმლოდ რჩება.
იქამდე, ვიდრე მეცნიერები უკეთ დაადგენენ ამ ბოტანიკურ მტაცებელთა მექანიზმებს, ბოლომდე გაურკვეველი რჩება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამდენი ცხოველებზე მონადირე მცენარის ევოლუციის მიზეზი.
დრო კი ნამდვილად არ იცდის. 2020 წელს მეცნიერებმა განსაზღვრეს, რომ ჩვენთვის ცნობილი ხორცისმჭამელი მცენარეების მეოთხედი გადაშენების რისკის წინაშეა.
თუ მათ საიდუმლოს ახლა ვერ ამოვხსნით, შეიძლება ამის შანსი სამუდამოდ დავკარგოთ.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.