რატომ აქვთ ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებს უფრო ჯანსაღი იმუნური სისტემა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
რატომ აქვთ ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებს უფრო ჯანსაღი იმუნური სისტემა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

დაბადების მომენტიდან, ჩვენი სხეული იწყებს ფაქიზი დამცავი საფარის წარმოქმნას, რომელიც მთლიანად მიკრობებისგან შედგება.

იმის ცოდნა, რომელი ბაქტერია, ვირუსი და საფუარი სოკო შეინარჩუნოს და რომელი უკუაგდოს, კომპლექსური პროცესია, რაც წარმოშობს სხვაობას ჯანსაღ იმუნურ სისტემასა და მთელი ცხოვრების თანმდევ ალერგიებსა თუ ავტოიმუნურ აშლილობებს შორის.

ბოლომდე ცნობილი არ არის, როგორ ვმართავთ ამ სისტემას. თუმცა, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ის მექანიზმები, რომლებიც ჩვენს სხეულს დედის სხეულისგან იცავს, მიკრობებთან ურთიერთობას დაბადებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაშიც აგრძელებს.

გაერთიანებული სამეფოს ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებული ახალი კვლევა ამ პროცესის შესახებ ახალ ცნობებს გვაწვდის — აღმოჩნდა, რომ დედის რძე ხელს უწყობს იმ მნიშვნელოვანი იმუნური უჯრედების ზრდას, რომლებიც ორგანიზმს ანთებათა მართვაში ეხმარება.

„სიცოცხლის პირველ კვირებში მიღებული რძის ტიპის გავლენა იმუნური პასუხის განვითარებაზე აქამდე შესწავლილი არ იყო. ჩვენს კვლევამდე უცნობი იყო ამ სპეციფიკური ტიპის უჯრედების მნიშვნელობა და ადრეული ჩართულობა ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში“, — ამბობს ბირმინგემის უნივერსიტეტის ნეონატოლოგი ჯერჯლი ტოლდი.

კვლევის ფარგლებში შეისწავლეს დროულად დაბადებული 38 ახალშობილის იმუნური ფუნქციები; ყველა ჩვილი საკეისრო კვეთით იყო დაბადებული. ახალშობილები განასხვავეს ძუძუთი კვების, ხელოვნური კვების ან მათი ნაზავის მიხედვით; გარდა ამისა, აიღეს მათი სისხლისა და განავლის ნიმუშები დაბადებისას და შემდეგ სამი კვირის შემდეგ.

არსებითი იყო განსხვავება მარეგულირებელი T ლიმფოციტების ორ ჯგუფს შორის, სისხლის თეთრ უჯრედებს შორის, რომლებიც ორგანიზმს იმუნურ პასუხში ეხმარება; მათ, ვინც მხოლოდ ძუძუთი კვებაზე იყვნენ, დაბადებიდან სამი კვირის შემდეგ ამ უჯრედების ორმაგი რაოდენობა ჰქონდათ იმათთან შედარებით, რომლებიც მხოლოდ ხელოვნურ კვებაზე იყვნენ.

T ლიმფოციტების დიდი ექსპრესია იყო ზედაპირის იმ მარკერზეც, რომელიც დამთრგუნველი აქტივობის ზრდასთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, მათი აქტივობა განსაკუთრებით მიმართული იყო სპეციფიკურად დედის სხეულის წინააღმდეგ მოქმედებისკენ.

დედის რძე ჩვილებს სხვადასხვა ანტიმიკრობულ საშუალებებს და საკვებ ნივთიერებებს დროული დოზებით აწვდის, რაც ჩამოყალიბების პროცესში მყოფ იმუნურ სისტემას იმ ყველაფრით ამარაგებს, რაც მას ინფექციასთან ბრძოლისთვის სჭირდება.

თუმცა, თავად ძუძუთი კვების პროცესი შორის არის სტერილურობისგან და ამ დროს ბავშვს გადაეცემა არა მხოლოდ დედის კანის მიკროფლორა, არამედ მისი მრავალი უჯრედიც. ასეთ არასაიმედო ადრეულ კვირებში, უცხო მასალებმა შეიძლება ადვილად დაძლიონ ბავშვის ფაქიზი იმუნური სისტემა.

დედის ხელშემშლელი უჯრედებისგან დასაცავად მარეგულირებელი T ლიმფოციტების გაძლიერება შეიძლება ჩვილის ჯანმრთელობის შენარჩუნების მექანიზმი იყოს.

ბოლომდე ცნობილი არ არის, ზუსტად რატომ აქვს ასეთი ეფექტი რძეს. ბოლო პერიოდში თაგვებზე ჩატარებული კვლევა მიუთითებს უკუკავშირის ციკლზე ამ პროცესში, დედასა და ბავშვის სრულყოფის პროცესს შორის ბიოქიმიური კოლაბორაციით.

თუმცა, ზუსტი მექანიზმის გარკვევა უკვე სამომავლო კვლევების თემაა.

ამის გასაღები კი შეიძლება მოგვცეს ახალ კვლევაში მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა დაკვირვებებმა. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნაწლავის სპეციფიკური ბაქტერია, რომელიც T ლიმფოციტების მარეგულირებელ ფუნქციას უჭერს მხარს, უფრო დიდი ოდენობით იყო წარმოდგენილი ძუძუზე მყოფი ჩვილების საჭმლის მომნელებელ სისტემაში.

გადაწყვეტილება, რომ კვლევა მხოლოდ საკეისრო კვეთით დაბადებულ ჩვილებზე ჩატარებულიყო, განზრახ მიიღეს, რათა იმუნური ცვლადები დაბალ ნიშნულზე ყოფილიყო. უკვე მომავლის კვლევის საგანია, როგორი იქნება სხვაობები ვაგინალურად დაბადებულ ბავშვებს შორის, რადგან ცნობილია, რომ ამ ორი მეთოდით დაბადებულ ბავშვებში განსხვავებულია მიკროფლორაც.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღევანდელ მსოფლიოში გავრცელებული მოსაზრება, რომ ძუძუთი კვება საუკეთესოა, ბევრ დედას სტრესს უმატებს, როცა მისთვის ეს სულაც არ არის სასურველი. ხელოვნური კვება ხშირად შეიძლება არასასურველი, მაგრამ პრაქტიკული გადაწყვეტილება იყოს, როგორც სტრესის შესამცირებლად, ისე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც ისე ბევრი სხვა არჩევანი არსებობს.

ძუძუთი კვების თანდაყოლილი სარგებლის ხელოვნურად წარმოქმნა, თუ ეს შესაძლებელია, დიდწილად სწორედ ამგვარ კვლევებზეა დამოკიდებული, რათა გაირკვეს, საიდან მომდინარეობს ეს ბენეფიტები.

თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ჩვილების კვების მეთოდების პირდაპირი შედარებისას, დედის რძე ახალშობილებს მრავალ უპირატესობას აძლევს.

„ვიმედოვნებთ, რომ ეს საკმაოდ ღირებული ახალი ცნობები ძუძუთი კვების მაჩვენებელს გაზრდის და მსოფლიოში უფრო მეტი ახალშობილი ისარგებლებს დედის რძის უპირატესობებით“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბირმინგემის უნივერსიტეტის ნეონატოლოგი ჯერჯლი ტოლდი.

მკვლევარი ასევე იმედოვნებს, რომ ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვების შემთხვევაში, მათი კვლევის შედეგები სასარგებლო იქნება ხელოვნური რძის შემადგენლობის იმგვარად ოპტიმიზებაში, რომ გამოვიყენოთ ეს იმუნოლოგიური მექანიზმები.

კვლევა ჟურნალ Allergy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.