რატი კაპანაძე - სასამართლოს არაკანონიერ და უსამართლო გადაწყვეტილებებს არ დავემორჩილებით
რატი კაპანაძე - სასამართლოს არაკანონიერ და უსამართლო გადაწყვეტილებებს არ დავემორჩილებით

სასამართლოს არაკანონიერ და უსამართლო გადაწყვეტილებებს არ დავემორჩილებით, – განაცხადა მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, „ერთობა 2013-ის” გამგეობის თავმჯდომარემ, რატი კაპანაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ჩვენ კანონიერ ქმედებას ვახორციელებთ და კანონიერად დაწყებულ გაფიცვას ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა კაპანაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გეგმავენ თუ არა მემანქანეები გაფიცვას სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, უნდა ველოდოთ თუ არა გაფიცვას სამი ივნისიდან და შეიძლება თუ არა ითქვას, რომ მემანქანეები ვა ბანკზე მიდიან, რატი კაპანაძემ განაცხადა, რომ გაფიცვის უფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, მაგრამ ეს ხალხის არჩევანია და ხალხის პრობლემებს სათანადოდ უნდა მოექცნენ.

„მემანქანეებს და მათ შორის, პროფესიულ კავშირს ერთადერთი საშუალება გვქონდა, ეს ადამიანები გაფიცვის ძალით მოგვეყვანა და პრობლემებზე გვესაუბრა, მაგრამ ეს უფლებაც შეგვიზღუდეს. გამოდის, რომ მეტროში დასაქმებული ადამიანების საშველი არ ყოფილა“, – განაცხადა რატი კაპანაძემ.