რატი კაპანაძე -  მემანქანეები ყოველთვის ცდილობდნენ, კანონით ემოქმედათ და კანონს გარეთ არასდროს გასულან
რატი კაპანაძე -  მემანქანეები ყოველთვის ცდილობდნენ, კანონით ემოქმედათ და კანონს გარეთ არასდროს გასულან

მემანქანე მიჯაჭვულია იმ პროცესს, რასაც თბილისი მეტრო ჰქვია, მას ფაქტობრივად, თავისუფალი დრო არ რჩება, დღეს კი სასამართლოს განაჩენმა თქვა, რომ თურმე, გაფიცვის უფლებაც არ აქვს, – ამის შესახებ მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, „ერთობა 2013-ის” გამგეობის თავმჯდომარემ, რატი კაპანაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გეგმავენ თუ არა მემანქანეები საქალაქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას, რატი კაპანაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

„უკვე მომზადებულია სარჩელი, რომელსაც ჩვენი იურისტი ხვალ დილით შეიტანს. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას, რომელიც აბსურდული და სრულიად უკანონოა“,- განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, მემანქანეები ყოველთვის ცდილობდნენ, კანონით ემოქმედათ და კანონს გარეთ არასდროს გასულან.

„გაფიცვა 2016 წელსაც ვაწარმოეთ, მაშინაც კანონის დაცვით ვიარეთ და საბოლოო ჯამში, გაფიცვა არ მოხდა, რადგან გარკვეულ საკითხებზე შევთანხმდით, ხელფასების ტარიფების მატების მოთხოვნა დავთმეთ და უკან დავიხიეთ. ხელფასების მატება მაშინაც ზუსტად იგივე არგუმენტებით არ მოხდა, რომ მუნიციპალიტეტში თანხა არ არის. 2016 წლიდან კომისიების, მოლაპარაკებების ხარჯზე მივდივართ და დღევანდელი ვითარებაც ამ პროცესის გაგრძელებაა“, – განაცხადა კაპანაძემ.

როგორც რატი კაპანაძემ აღნიშნა, მემანქანეთა სახელფასო ტარიფი 2013 წლიდან დღემდე არ გაზრდილა, მათთვის არც ახალი წელი არსებობს, არც აღდგომა და არც რომელიმე დღესასწაული, რადგან მეტროპოლიტენი 24 საათი მუშაობს.

„თუ ვთქვათ, ოჯახის წევრის ქორწილია, შესაძლოა, მემანქანემ მოახერხოს, დაგეგმოს და წავიდეს, მაგრამ როცა უბედური შემთხვევა ხდება, მემანქანეს ან ნათესავი გარდაეცვლება, ან ვინმე, სმენის გამო წასვლას და სამძიმრის გამოცხადებასაც ვერ ახერხებს“, – განაცხადა რატი კაპანაძემ.