თათული თოდუა - ჯანდაცვის მინისტრის 2013 წლის ბრძანებაში მოცემულია იმ სამსახურების ნუსხა, რომლის თანამშრომლებსაც გაფიცვა ეკრძალებათ, ამ ჩამონათვალში თბილისის მეტრო არ არის
თათული თოდუა - ჯანდაცვის მინისტრის 2013 წლის ბრძანებაში მოცემულია იმ სამსახურების ნუსხა, რომლის თანამშრომლებსაც გაფიცვა ეკრძალებათ, ამ ჩამონათვალში თბილისის მეტრო არ არის

სხვადასხვა ქვეყნებში ამა თუ იმ პროფესიის ადამიანები, მათ შორის, საავიაციო კომპანიებიც იფიცებიან, რომლებსაც ძალიან დიდი და მძიმე ფინანსური ვალდებულებები აქვთ, რომ ადამიანები შორ მანძილებზე, ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადააადგილონ, – განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, თათული თოდუამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

მისი თქმით, გაფიცვის უფლება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითაა აღიარებული, არამედ ეს უფლება გვხვდება ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტებში, როგორიცაა ევროპის „სოციალური ქარტია“, „სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი“ და ა.შ.

„ამ ნაწილში ყოველთვის მითითებულია, რომ გაფიცვის უფლების რეალიზება ქვეყნის შიდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ხდება. როცა გაფიცვის უფლებაზე ვსაუბრობთ, ჩვენი შიდა კანონმდებლობა პირველ რიგში, არის შრომის კოდექსი, რომელიც ამავდროულად, ორგანული კანონია. შრომის კოდექსი მათ შორის, გაფიცვის უფლებასთან დაკავშირებით სპეციალურ ნორმებს მოიცავს და საპროცესო ნორმების მეშვეობით სასამართლოს მიერ გაფიცვის უფლების ამ სახით შეზღუდვა ძალიან გაურკვეველი იყო“, – განაცხადა თოდუამ.

როგორც თოდუამ აღნიშნა, ჯანდაცვის მინისტრის 2013 წლის ბრძანებაში მოცემულია იმ სამსახურების ნუსხა, რომლის თანამშრომლებსაც, ამ სამსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, გაფიცვა ეკრძალებათ, მაგრამ ამ ჩამონათვალში თბილისის მეტროპოლიტენი არ არის, არც მეტროს მემანქანეები არიან და შესაბამისად, ეს შეზღუდვა ამ შემთხვევაში გამოყენებული ვერ იქნება.

„ამ ნუსხაშია მაგალითად, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სახანძრო სამსახური, შს სამინისტრო, ამ სისტემის დაწესებულებები და ა.შ“, – განაცხადა თოდუამ.

მისივე თქმით, სასამართლომ თავის პირველ განჩინებაში იმსჯელა და ყურადღება მიაქცია მოსახლეობის ჯანმრთელობის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამსახურების მუშაობის ინტერესებს, რის შესახებაც შრომის კოდექსში საუბარი არის, მაგრამ ეს საფუძველი იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ გაფიცვის გადადება ერთჯერადად, მაქსიმუმ, 30 დღის ვადით მოხდეს, რაც უკვე გამოყენებული იყო, მეორე განჩინებით კი, სასამართლო რეალურად, გაფიცვის განუსაზღვრელი ვადით გადადებას ახდენს.

ამ განცხადებით სახალხო დამცველის წარმომადგენელმა თბილისის ვიცე მერს, ირაკლი ხმალაძეს უპასუხა, რომელმაც გადაცემაში განაცხადა, რომ როგორც შრომის კოდექსში წერია, ცალკეულ შემთხვევებში, სასამართლოს მხრიდან სამუშაო საათებში გაფიცვის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია, როცა საქმე ისეთ შემთხვევებს ეხება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგთან და უსაფრთხოებასთან, მათ შორის, მიმოსვლის უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული.