რატი კაპანაძე - სატრანსპორტო კომპანიასთან გვქონდა შეთავაზება, რომ ხელფასების ეტაპობრივი, დროში გაწერილი მატება ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ხელფასის გაზრდაზე მათ პოზიციაც კი არ გააჩნიათ
რატი კაპანაძე - სატრანსპორტო კომპანიასთან გვქონდა შეთავაზება, რომ ხელფასების ეტაპობრივი, დროში გაწერილი მატება ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ხელფასის გაზრდაზე მათ პოზიციაც კი არ გააჩნიათ

მეტრო მომგებიანი არასდროს ყოფილა და ვერც ახლა გახდება, მეტროპოლიტენის 100%-აინი წილის მფლობელი თბილისის მერიაა, რომელიც წლის ბოლოს ყოველთვის ზარალზე მიდის და თანხები მერიიდან ირიცხება, – განაცხადა მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, „ერთობა 2013-ის” გამგეობის თავმჯდომარემ, რატი კაპანაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქვთ თუ არა მათ თბილისის მერიის, ან სატრანსპორტო კომპანიის მიმართ კონკრეტული შეთავაზება, თუ როგორ უნდა მოხდეს დამატებითი ფინანსური რესურსის მობილიზება, რატი კაპანაძემ განაცხადა, რომ მათი აზრით, სატრანსპორტო კომპანიის ბიუჯეტი უნდა გაზრდილიყო, რაც წლის ბოლოს დედაქალაქის ბიუჯეტში უნდა გაწერილიყო.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, მას შემდეგ, რაც მემანქანეებმა გაფიცვა გადაწყვიტეს, მიმდინარეობს თუ არა ბიუჯეტიდან გამოყოფილი ერთი მილიონი ლარიდან სტაჟისა და დამსახურების მიხედვით დანამატების გაცემა, ვისზე გაიცემა დანამატები და დაახლოებით, რა თანხაზეა საუბარი, რატი კაპანაძემ განაცხადა, რომ თანხა მეტროპოლიტენის ყველა თანამშრომელზე გაიცემა, ეს 2016 წელს წინასაგაფიცვო პერიოდში დაყენებული ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, ერთი მილიონი ლარი 2016 და 2017 წლებში გამოიყო და გაიცა, მაგრამ დანამატი წელიწადში ერთხელ გაიცემა და მაგალითად, ათწლიანი სტაჟის მქონე მემანქანე წლის ბოლოს, ერთჯერადად, 220 ლარს იღებს.

მისი თქმით, 2016 წელს მემანქანეები ამ საკითხთან ერთად, ხელფასების ტარიფების მატებასა და ღამის საათების განსხვავებული ტარიფით გადახდას ითხოვდნენ, მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმება მოხდა, რომ შეიქმნებოდა კომისია, რომელიც სახელფასო ბადეს 2017 წლიდან გაზრდიდა, მაგრამ ეს ქაღალდზე დარჩა და კომისიის ფარგლებში ერთადერთი შეხვედრა შედგა.

„სატრანსპორტო კომპანიისგან დღესაც იგივე შემოთავაზებაა, მოდი, ისევ კომისია შევქმნათ, ბიუჯეტში ჩავიხედოთ, რა თანხების მოძიება შეგვიძლია და იქეთკენ მივმართოთ, სადაც იტყვითო, მაგრამ აქვე თვითონ ამბობენ, რომ სატრანსპორტო კომპანიას ბიუჯეტი არ აქვს და თანხა არ არსებობს“, – განაცხადა კაპანაძემ.

რატი კაპანაძემ ასევე აღნიშნა, რომ ისინი ულტიმატუმის ენით არ საუბრობენ, სატრანსპორტო კომპანიასთან მათ რამდენიმე შეთავაზება ჰქონდათ, რომ ხელფასების ეტაპობრივი, დროში გაწერილი მატება ყოფილიყო, ან რამე ვალდებულება აეღოთ, რათა მემანქანეთა პირობები გაუმჯობესებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ხელფასის გაზრდის თაობაზე მათ პოზიციაც კი არ გააჩნიათ.