ირაკლი ხმალაძე - ამ ეტაპზე არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მემანქანეების ანაზღაურება გავზარდოთ
ირაკლი ხმალაძე - ამ ეტაპზე არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მემანქანეების ანაზღაურება გავზარდოთ

მე და ჩემი გუნდი ბედნიერი ვიქნებოდით, ფინანსური რესურსი რომ გვქონდეს და არა მხოლოდ მეტროპოლიტენის თანამშრომლების, არამედ მუნიციპალიტეტის სისტემაში დასაქმებული სხვა თანამშრომლების შრომის ანაზღაურების გაზრდის გადაწყვეტილება მივიღოთ, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ არსებობს, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ შრომას, რასაც მეტროპოლიტენის მემანქანეები ახორციელებენ, ისინი მართლაც პროფესიონალები არიან და ყოველდღიურად ასეულობით ადამიანს გადააადგილებენ, მაგრამ თუ იმ გარემოებას გავითვალისწინებთ, გადაწყვეტილებების მიღება რა ეკონომიკური შესაძლებლობების ფარგლებში გვიწევს, მათი შრომის ანაზღაურება იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ასახავს, რომელიც მუნიციპალიტეტს დღეს გააჩნია“, – განაცხადა ხმალაძემ.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არის მუნიციპალური ბაღები, სადაც ადამიანებს ასეულობით ბავშვი აბარიათ, არსებობს სასწრაფოს თანამშრომლები, რომლებიც ასევე ასეულობით ადამიანის სიცოცხლეზე არიან პასუხისმგებელი, მაგრამ მათი ანაზღაურება მეტროს მემანქანეების ანაზღაურებას მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

„მით უმეტეს, 2016 წელს გარკვეული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და მეტროს მემანქანეთა დაფინანსება რამდენიმე მილიონი ლარით გაიზარდა, მაგრამ დღეს, ამ ეტაპზე ამის საშუალება ნამდვილად არ გვაქვს, რომ მათი ანაზღაურება გავზარდოთ“, – განაცხადა ხმალაძემ.

ამ განცხადებით ირაკლი ხმალაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად ადეკვატურია მეტროს მემანქანეთა ანაზღაურება იმ სამუშაო პირობებთან, რომელშიც ისინი მუშაობენ.

ირაკლი ხმალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქალაქში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად დედაქალაქის ხელმძღვანელობა შეძლებს, თბილისელთა მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასაქმებული თანამშრომლების შრომითი პირობები გააუმჯობესოს.

 

დატოვე კომენტარი