რატი ბრეგაძე - ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ყველაფერი კეთდება, დარწმუნებული ვარ, სტატუსის მინიჭებაზე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული
რატი ბრეგაძე - ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ყველაფერი კეთდება, დარწმუნებული ვარ, სტატუსის მინიჭებაზე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია შესრულდეს, – ამის საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, პროგრესი არის ცალსახა, ამას ხედავს ყველა.

„დარწმუნებული ვარ, სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. 2012 წლის შემდგომ ჩვენ გვაქვს ბევრად უკეთესი სასამართლო, ვიდრე იყო 2012 წლამდე. 2012 წლამდე ამ ქვეყანაში სასამართლო პრაქტიკულად არ იყო. ეს იყო პროკურატურის ერთ-ერთი დეპარტამენტი, რომელიც ზედმიწევნით ასრულებდა პროკურორის მითითებებს. შეუძლებელი იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ დავის მოგება, მათ შორის შრომით დავებში. მოდით, შევხედოთ სტატისტიკას, რამდენ დავას აგებს სახელმწიფო მოქალაქესთან. გაეცანით ამ სტატისტიკას. ასევე გაეცანით გამამართლებელი განაჩენების რაოდენობას და იგივე, თუ როგორ ხდება მოსამართლეების არჩევა, თუნდაც უზენაესი სასამართლოების, როდესაც მთელ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, თვალი ადევნოს მოსამართლის არჩევის პროცესს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ, პირდაპირ ეთერში დაუსვან ნებისმიერი კითხვა და მიიღონ მათგან პასუხი. ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ შედეგებისა, რომლებიც რეფორმების შედეგად იყო მიღებული. თქვენ იცით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაკომპლექტებული იყო პრაქტიკულად პოლიტიკოსების მიერ და სწორედ ისინი ირჩევდნენ მოსამართლეებს“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე თქმით, გამოწვევები არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოში, ყველაზე დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოშიც არსებობს.

„ჩვენც გვაქვს ბევრი გამოწვევა, რომელსაც სჭირდება ადეკვატური პასუხი და გადაწყვეტა. რეფორმები არის უწყვეტი პროცესი. მთავარია, შევძლოთ და დავინახოთ მიმართულება, საითკენ წავედით 2012 წლიდან დღემდე. გრძელდება თუ არა ეს პროგრესი. ნათლად ვხედავ, რომ ჩვენ მივდივართ წინ სასამართლო ხელისუფლების გაუმჯობესების კუთხით, ეს არის ცალსახა. ძალიან დიდი თხოვნა მექნება, რომ სიტყვა „კლანი“ ამოვიღოთ ხმარებიდან. ეს ჩემთვის არის პრინციპულად მიუღებელი, რომ მოსამართლეებსა და მოსამართლეთა გაერთიანებას შესაძლებელია, ვუწოდოთ კლანი. ეს არის პრინციპულად მიუღებელი. არასოდეს მიწოდებია კლანი, ეს ძალიან ცუდი სიტყვა არის და დამნაშავეთა გაერთიანებას გულისხმობს. უბრალოდ, ვამბობ ერთ რამეს, რომ, მათ შორის, სასამართლო სისტემა 2012 წლამდე განიცდიდა მართლაც არაადამიანურ წნეხს, ისევე როგორც ბევრი სხვა სისტემა და ისინი იძულებულნი იყვნენ, მიეღოთ იმგვარი გადაწყვეტილებები, რაც აწყობდა პროკურატურას. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ იმოქმედებდა რეპრესიული მანქანა და ეს მანქანა როგორ მოქმედებდა, ყველამ კარგად იცის“, – განაცხადა ბრეგაძემ.