დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ, დედამიწაზე იმდენად მასშტაბური გადაშენება მოხდა, რომ დღეს ამ მოვლენას დიდ კვდომას უწოდებენ.
მცენარეთა და ცხოველთა სახეობები, როგორც სახმელეთო, ისე წყლის, სათითაოდ ქრებოდა, რადგან პრობლემა მთლიან ეკოსისტემებს ჰქონდა. პერმულ-ტრიასული გადაშენება, როგორც მას ასევე უწოდებენ, დაახლოებით 100 000 წელიწადს გაგრძელდა, თუ უფრო დიდხანს არა. როდესაც დასრულდა, სულ რამდენიმე სახეობის გარდა, ყველა სახეობა უკვე გამქრალი იყო.
იმ დროს, ის რამდენიმე გადარჩენილი სახეობა ახალ სახეობათა საწყისი წერტილი უნდა გამხდარიყო, გაშლილიყო იმ მოდგმებად, რომლებიც დღევანდელი მრავალფეროვნების საფუძველს წარმოადგენენ.
ცარცული გადაშენების მოვლენასთან შედარებით, რომელმაც 65 მილიონი წლის წინ არამფრინავ დინოზავრთა უმეტესობა მოსპო, დიდი კვდომა გაცილებით უფრო ფართომასშტაბიანი იყო, არ გამოუტოვებია სიცოცხლის არც ერთი კლასი დედამიწაზე.
დიდი დებატების საგანია, ზუსტად რამ გამოიწვია სიცოცხლის ეს შედარებით სწრაფი გაქრობა, რასაც ართულებს ნამარხთა სიმწირე, დიდი დრო და მტკიცებულებათა კომპლექსურობა.
დღეისათვის საკმაოდ კარგად ვიცით იმ მოვლენათა შესახებ, რომლებმაც სავარაუდოდ წვლილი შეიტანა იმ გარემოს ჩამოყალიბებაში, რომელიც ზედმეტად არასტუმართმოყვარე იყო დედამიწის სახეობათა უმეტესობისთვის. შედეგად, რაღაც შეიძლება გავიგოთ იმის შესახებაც, მოხდება თუ არა კიდევ ოდესმე მსგავსი რამ.
როგორი იყო სიცოცხლე დიდ კვდომამდე?
გეოლოგიურ პერიოდში, რომელსაც პერმულ ეპოქას უწოდებენ, ჩვენი პლანეტა ძლიერ განსხვავებული ადგილი იყო. დიდ კვდომამდე, დედამიწაზე დომინირებდა ვრცელი ოკეანე, რომელიც გარს ეკრა ერთადერთ კონტინენტს, სახელად პანგეას.
აღარსად იყო წინა, კარბონული პერიოდისთვის დამახასიათებელი, კოშკებივით აღმართული ცხენისკუდებით სავსე დაუსრულებელი ჭაობები გიგანტური მწერებითა და ხავსების საფარით. რადგან პლანეტის ხმელეთი ერთად იყო შეკრული, შიდა ნაწილებში კლიმატში მშრალი იყო, სანაპირო ზოლზე კი უფრო ცივი.
დროის ამ 50-მილიონ წლიან მონაკვეთში, სწორედ ამ სიმშრალეს უნდა ეთამაშა გადამწყვეტი როლი ბიომრავალფეროვნების ჩამოყალიბებაში.
თესლიან მცენარეებს, მაგალითად, წიწვოვნებს, ფესვები ფართოდ ჰქონდათ გადგმული. ამფიბიებისთვის გარემო არც ისე ხელსაყრელი იყო და ადგილი დაუთმეს ცხოველებს, რომლებსაც გამრავლებისთვის წყალი არ სჭირდებოდათ. მათ შორის იყვნენ თერომორფები — დღევანდელ ძუძუმწოვართა წინაპრები და ზავროპსიდები, რომელთაგანაც უნდა წარმოქმნილიყვნენ ფრინველები და რეპტილიები. მზით განათებულ წყლებში კვლავ ყვაოდნენ წინა პერიოდში გამოჩენილი წყლის ცხოველები, მაგალითად, ამონიტები და ძვლიანი თევზებისა და ზვიგენის სახეობები.
მიუხედავად იმისა, რომ პერმული პერიოდის დასაწყისში სიცოცხლე დივერსიფიცირებული იყო, სულ ასე ვერ გაგრძელდებოდა. დაახლოებით 260 მილიონი წლის წინ, ბიომრავალფეროვნებამ დიდი დარტყმა მიიღო, ნამარხებში ქრება ხმელეთის ოთხფეხა ცხოველთა დაახლოებით სამი-მეოთხედი.
რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს, ეს შუა პერიოდის კატასტროფა არაფერი უნდა ყოფილიყო იმასთან შედარებით, რაც დედამიწაზე 10 მილიონი წლის შემდეგ მოხდა, პერმული პერიოდის მიწურულს, როდესაც რაღაცამ წყლის სახეობათა 80 პროცენტზე მეტი ამოწყვიტა, ხმელეთზე კი ოთხფეხა ცხოველთა 90 პროცენტამდე.
რამ გამოიწვია დიდი კვდომა?
დიდ კვდომასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი ნამარხებია გველთევზას მსგავსი წყლის არსებები, რომლებსაც Hindeodus parvus-ს უწოდებენ. ამ სახეობის ჩვენთვის ცნობილი უძველესი ნამარხი ჩინეთის ქალაქ მეიშანის სიახლოვეს, კლდეებშია აღმოჩენილი. ოფიციალურად, ეს აღმოჩენა აშკარა ხაზს ავლებს პერმული პერიოდის დასასრულსა და დინოზავრების მბრძანებლობის, ტრიასული პერიოდის დასაწყისს შორის.
ცხოველის გარეგნობა წარმოადგენს მკვეთრ ცვლილებებს მინერალურ შემადგენლობაში და მიმდებარე ქანებში ნამარხთა მრავალფეროვნებაში, რასაც ამჟამად გლობალური გადაშენების მოვლენის ნიშნებად ვაღიარებთ.
ძლიერ რთულია ამ ერთი ადგილიდან მიღებული მონაცემების მორგება იმ მოვლენებთან, რომლებმაც მთელი პლანეტა მოიცვა. მეცნიერებმა იციან, რომ რაღაც დიდი მოხდა, მაგრამ რაღაც კონკრეტულამდე მისვლა, რომ აღარაფერი ვთქვათ სამწუხარო მოვლენათა სერიების რთული სურათის აგებაზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეგროვებულ მტკიცებულებათა ფართო დიაპაზონს მოითხოვს.
მაგალითად, ციმბირის ერთ-ერთი რეგიონი, რომელიც გადამდნარი ქანებისგან შედგება, ორი მილიონი წლის განმავლობაში ილექებოდა დაახლოებით 252 წლის წინ. ასეთი უზარმაზარი ოდენობის გადამდნარ ქანთა დასარჩენად, ვულკანური ამოფრქვევებისას უნდა ამოსულიყო ბევრი სხვა მასალაც, მაგალითად, ნახშირორჟანგი, მტვრის ნაწილაკები, გოგირდი და მრავალი სხვა მინერალი. დამატებითი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ვულკანიზმმა მიმდებარე გარემო დაადუღა, რის შედეგადაც ატმოსფეროში გამოიყო დამატებითი ჭვარტლი და ნახშირორჟანგი.
როგორც ტყვიის ვაზნის პოვნა მკვლელობის ადგილზე, კავშირი ადვილია, მაგრამ ისე შორს არ მიდის, რომ ამბავი დეტალურად მოგვიყვეს. განხილვისა და ვარაუდების თემად რჩება ის, თუ როგორ გახადა პლანეტა სიცოცხლისთვის არახელსაყრელი ციმბირში მომხდარმა ვულკანურმა ამოფრქვევებმა.
გამომდინარე იმ როლიდან, რაც ნახშირბადის გამოყოფას აქვს ჩვენს ამჟამინდელ კლიმატის კრიზისში, აუცილებლად უნდა დაწყებულიყო გლობალური დათბობა. მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურამ მოიმატა, სრულყოფილად არ ემთხვევა H. parvus-ს პერიოდში ბიომრავალფეროვნების ვარდნას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას რაიმე როლი არ ჰქონდა — მიუთითებს, რომ პროცესში ჩართული იყო კიდევ რაღაც.
როგორც ჩანს, ვულკანურ ამოფრქვევათა შემდეგ უნდა გაძლიერებულიყო ოკეანის დამჟავება, რასაც გავლენა ექნებოდა წყლის ნიჟარიან არსებებზე. ასევე შესაძლებელია, რომ სხვა მინერალების, მაგალითად, ნიკელის დიდ დოზებს გამოეწვია იმ მიკრობთა აყვავება, რომლებიც ჟანგბადს შთანთქავენ და შემდეგ ლპებიან, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი ოდენობით მეთანი.
თუმცა, ხმელეთის ცხოველთა მრავალფეროვნების შესაძლო კლების ნიშნები შეიმჩნევა ვულკანებიდან პირველი ფერფლის ამოტყორცნამდე დიდი ხნით ადრე.
ანდაც, დიდი პერიოდის განმავლობაში მიმდინარე ვულკანურ აქტივობათა პულსებს შეიძლება დაეზიანებინა ოზონის შრე, რასაც გავლენა ექნებოდა მცენარეთა მრავალი სახეობის გამრავლებაზე. ეს გახლავთ საინტერესო იდეა, რასაც შეიძლება ნამდვილად გამოეწვია მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, რომ არა ის ფაქტი, რომ ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ხმელეთის მცენარეული სიცოცხლე მცირედით დაზიანდა.
სხვა კვლევები მიუთითებს „მეორე მსროლელზე“ — სამხრეთ ჩინეთში, ვულკანებმა ამოაფრქვიეს აეროზოლები, რომლებმაც პლანეტა გააცია, ვიდრე შემდეგი გათბობის მოვლენა მოხდებოდა.
რასაც არ უნდა გამოეწვი 251 მილიონი წლის წინ ბიოსფეროს თითქმის მთლიანად განადგურება, აშკარაა, რომ ის საკმაოდ რთული რაღაც იყო.
შეიძლება თუ არა, რომ დედამიწაზე კვლავ განმეორდეს დიდი კვდომის მასშტაბის გადაშენების მოვლენა?
მარტივი პასუხი ის არის, რომ არ ვიცით. დედამიწა დღეს ძლიერ განსხვავებული ადგილია, მიმოფანტულ კონტინენტებს ერთმანეთისგან რამდენიმე ოკეანე ჰყოფს და სავსეა ბიომრავალფეროვნებით. მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს მომავალში რაიმე დიდი ვულკანური მოვლენები მოსალოდნელი არ არის, ისინი მაინც ფლობენ იმდენ რისკს, რომ ზოგიერთ კვლევით დაწესებულებას, მაგალითად, NASA-ს, აქვს გეგმები იმის შესახებ, თუ როგორ მოხდეს კლიმატის რისკების მონიტორინგი.
თუმცა, სულაც არ გვჭირდება ვულკანურ აქტივობათა გავლენის წარმოდგენა იმის გასააზრებლად, რა შედეგები აქვს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის სწრაფ მატებას. თუკი პერმული გადაშენება რაიმეს გვეუბნება, ეს ის არის, რომ ბიოსფერო შეიძლება მრავალი კომპლექსური გზით დაინგრეს, მრავალმა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს დომინოს ეფექტი, რამაც შეიძლება ათასწლეულობით გასტანოს.
ამჟამად ბევრი მეცნიერი თანხმდება, რომ მეექვსე გადაშენების შუაგულში ვიმყოფებით და კლიმატის კრიზისის გამო, ჩვენი ეკოსისტემები სწრაფად იცვლება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლა ამინდის სისტემების ან ზღვის დონის რაიმე ისეთ ცვლილებას ვხედავთ, რაც ახლოს მაინც იქნებოდა დიდ კვდომასთან.
თუმცა, მიუთითებს, რომ რამდენიმე სახეობის გარდა თითქმის ყველა დანარჩენი სახეობის ამოწყვეტას შეიძლება არც ისე დიდი დრო სჭირდებოდეს.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.