რამილია ალიევა - როდესაც ჟურნალისტიკა ავირჩიე, ჩემი სანათესაოსთვის ეს დიდი რევოლუცია იყო
რამილია ალიევა - როდესაც ჟურნალისტიკა ავირჩიე, ჩემი სანათესაოსთვის ეს დიდი რევოლუცია იყო

რატომღაც, არსებობს სტერეოტიპი, რომ აზერბაიჯანელი გოგო ან ბავშვის ექიმი უნდა იყოს, ან მასწავლებელი და როცა ჟურნალისტიკა ავირჩიე, ჩემი სანათესაოსთვის ეს დიდი რევოლუცია იყო, – განაცხადა ჟურნალისტმა რამილია ალიევამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„დიდი რევოლუცია იყო ისიც, როცა პირველად საჭესთან დავჯექი, რადგან თემში, სადაც მე ვიზრდებოდი, თვლიდნენ, რომ მანქანა ქმარმა ან მამამ უნდა ატაროს, შენ კი გვერდით უნდა დაუჯდე. მახსოვს მამაჩემის რეაქცია, როცა ვთქვი, რომ მართვის მოწმობა უნდა ამეღო და საჭესთან დავმჯდარიყავი. ამაზე გაგიჟდა. თქვა, მეზობლები და ნათესავები რას იფიქრებენ, რამიზას ქალიშვილი მანქანით დადისო“, – განაცხადა ალიევამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად ართულებს სამსახურის შოვნას სახელმწიფო ენის არცოდნა და არის თუ არა ეს წარმატების მიღწევის გზაზე ბარიერი, რამილია ალიევამ აღნიშნა, რომ ორ რეგიონში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ქალები, ძირითადად, სოფლის მეურნეობაში არიან თვითდასაქმებული. მისივე თქმით, სახელმწიფო ენის არცოდნა ერთ–ერთი ფაქტორია, რის გამოც ისინი წარმატებულები ვერ ხდებიან, მაგრამ ამას ხელს მენტალიტეტი და იქ დამკვიდრებული წესებიც უშლის. 

„საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა და სამწუხაროდ, მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა სახელმწიფო ენა არ იცის. ორ რეგიონში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, ქალთა უფლებების კუთხით, დანარჩენი საქართველოსგან ცოტა განსხვავებული პრობლემები არსებობს და ენის არცოდნა ამ პრობლემებს უფრო ამძაფრებს. ქალბატონებს, რომლებიც ამ რეგიონებში ცხოვრობენ და სახელმწიფო ენას ვერ ფლობენ, ინფორმაციის მიღების პრობლემა აქვთ თუნდაც იმ უფლებების შესახებ, რაც მათ გააჩნიათ“, – განაცხადა ალიევამ.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვემო ქართლში აქტიური ქალი იყო, რევოლუციონერი უნდა გახდე.

„ძალიან მიხარია, რომ შარშან საქართველოს ისტორიაში პირველად გვქონდა ფაქტი, როცა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ქალბატონმა თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, რაც საკმაოდ დიდი წინსვლაა. წინსვლაა ისიც, რომ თბილისში, სხვადასხვა უნივერსიტეტში დღეს უკვე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ძალიან ბევრი გოგონა სწავლობს, სწავლობს ქართულს და იცის, რომ ეს წარმატებისთვის აუცილებელია. მჯერა, რომ სამომავალოდ, ხუთ წელიწადში ჩვენ ძალიან ბევრ აქტიურ ქალბატონს ვნახავთ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და რომლებსაც განსხვავებული გვარი აქვთ“, – განაცხადა რამილია ალიევამ.