თინათინ ბერძენიშვილი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა

საქართველოს პირველ არხს საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი ესტუმრა.

შეხვედრა არხის გენერალურ დირექტორთან, თინათინ ბერძენიშვილთან გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალი და მიმდინარე ამბების დირექტორი გიორგი გვიმრაძე და პროექტის, „მრავალფეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელი რამილია ალიევა.

ელჩი პირველი არხის ჯგუფის, „მრავალფეროვანი საქართველოს“ სამუშაო პროცესს გაეცნო, რომლის ამოცანაა საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველდღიურ საქმიანობაში მათი ჩართულობა და მაუწყებლის წარმოებულ მედიაპროდუქტებში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრირების უზრუნველყოფა. ელჩმა ასევე ახალი და მიმდინარე ამბების სამუშაო გარემო მოინახულა.

როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვუმასპინძლეთ აზერბაიჯანის ელჩს. დავათვალიერეთ ჩვენი სამუშაო გარემო, ასევე შევხვდით ჯგუფს, რომელიც მუშაობს ეროვნული უმცირესობებისთვის. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიებთან, გვაქვს არაერთგზის ურთიერთობა. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომლებიც ამ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.