რამილია ალიევა - არ გადავდგები! ვინაიდან ამ მიზეზით გადადგომით, შეურაცხყოფას მივაყენებდი ჩემს ქვეყანას, რომელიც ძალიან მიყვარს
რამილია ალიევა - არ გადავდგები! ვინაიდან ამ მიზეზით გადადგომით, შეურაცხყოფას მივაყენებდი ჩემს ქვეყანას, რომელიც ძალიან მიყვარს

საზოგადოების ერთმა ჯგუფმა განაახლა ბულინგის ზღვარსგადასული კამპანია, რისი მოთმენაც შეუძლებელი ხდება, ხსენებული ჯგუფი პირადად ჩემ მიმართ ეწევა ეთნიკური ნიშნით ტერორს და დისკრედიტაციას, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჯგუფ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელი რამილია ალიევა სოციალურ ქსელში წერს.

რამილია ალიევა აცხადებს, რომ რამდენიმე თვის წინ მასსა და მისი თანამშრომლების მიმართ დაიწყო ეთნიკური ნიშნით ტერორის კამპანია და დღემდე მიმდინარეობს.

„2017 წელს საზოგადოებრივ მაუწყებელში გაიხსნა პროექტი და პირადად მე შევკრიბე საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდები, შევქმენით ჯგუფი, რომელიც იმუშავებდა აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის – მოამზადებდა, გადათარგმნიდა აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე საქართველოში მიმდინარე ახალ ამბებს.

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორისაც გარკვეული დაძაბულობა არსებობდა.

აქედან გამომდინარე, ჩემთვის და ამ იდეის მხარდამჭერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შეგვექმნა სივრცე, სადაც ეს ახალგაზრდა ჟურნალისტები გათავისუფლდებოდნენ გარედან რაიმე სახის ზეწოლებისგან, ბულინგისგან და ერთმანეთთან ექნებოდათ ჩვეულებრივი საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა, როგორც ერთი ქვეყნის მოქალაქეებს.

ასე დავიწყეთ ერთ ოთახში მუშაობა და დღემდე ვაგრძელებთ.

ისიც უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდების ერთად მუშაობისა და თანაცხოვრების იდეა ყველასთვის მისაღები არ აღმოჩნდა და ჟურნალისტები ორივე საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან საკმაოდ დიდ ზეწოლას განიცდიდნენ იმის გამო, რომ ბედავდნენ და აზერებაიჯანელები და სომხები ერთად მუშაობდნენ.

ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგმა ამ წნეხს ვერ გაუძლო და მუშაობას თავი დაანება.

დღეს ამ გუნდში დარჩნენ ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოს კეთილსინდისიერი მოქალაქეები და რომელთა მსოფლმხედველობაც გულისხმობს მშვიდობისთვის ხელშეწყობას ქვეყანაში და მთლიანად რეგიონში.

სამწუხაროდ, რეგიონში ვითარების გამწვავების პარალელურად, საზოგადოების ერთმა ჯგუფმა განაახლა ბულინგის ზღვარსგადასული კამპანია, რისი მოთმენაც შეუძლებელი ხდება.

ხსენებული ჯგუფი პირადად ჩემ მიმართ ეწევა ეთნიკური ნიშნით ტერორს და დისკრედიტაციას! ახდენენ საქართველოს მოქალაქეების სელექციას მათი ეთნიკური და რელიგიური და წარმომავლობის მიხედვით და დაუფარავად ცდილობენ მათ შორის კონფლიქტის გაღვივებას. პირდაპირ გვემუქრებიან, რომ ეთნიკურად სომეხმა და აზერბაიჯანელებმა ერთად მუშაობა აღარ გავაგრძელოთ.

მე მინდა, მივმართო და ვკითხო მთელ საზოგადოებას, რას ნიშნავს, როდესაც ადამიანების ერთი ჯგუფი ეწევა საქართველოს მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით სელექციას და ბულინგს?! ჩვენ ვინ დაგვიცავს?! ნახეთ, ამ ჯგუფის წევრთა ფეისბუკგვერდები და ნათელი გახდება მათი მსოფლმხედველობა.

ასევე მივმართავ ამ ჯგუფის წევრებსაც და პირდაპირ ვეტყვი, რომ არ გადავდგები და გავაგრძელებ იმ საქმეს, რასაც აქამდე ვაკეთებდი, რისიც მჯერა. რადგან, მათგან განსხვავებით, საქართველო ჩემი სამშობლოა, საქართველო მიყვარს! ჩემს თანამოქალაქეებს, თანამშრომლებს და მეგობრებს ეთნიკური და რელიგიური ნიშნით არ ვყოფ და ყველაფერს ვიღონებ, რათა საქართველოში არ მოხდეს კონფლიქტი სომხებს და აზერბაიჯანელებს შორის, რასაც აღნიშნული ძალები ასე გულდასმით ცდილობენ.

ასევე მივმართავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს უშიშროების სამსახურს, საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები, დაიწყოს გამოძიება აღნიშნული ორგანიზაციისა და მისი თავმჯდომარის მიმართ, ვინაიდან საფუძვლიანი განცდა მაქვს, რომ მე და ჩემს თანამშრომლებს რეალური საფრთხე გვემუქრება. ჩვენსავე ქვეყანაში გვიკრძალავენ მუშაობას და გვემუქრებიან ჩვენი ეთნიკური წარმომავლობის გამო.

რაც შეეხება ამ ჯგუფის მოთხოვნას, თურმე იმიტომ უნდა გადავდგე, რომ წარმოშობით აზერბაიჯანელი ვარ – კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არ გადავდგები!

დიახ, არ გადავდგები! ვინაიდან ამ მიზეზით გადადგომით მე შეურაცხყოფას მივაყენებდი ჩემს ქვეყანას, რომელიც ძალიან მიყვარს, ჩემი ქვეყნის კანონმდებლობას და ტრადიციებს, რასაც დიდ პატივს ვცემ, შეურაცხყოფას მივაყენებდი ჩემს ქართველ, სომეხ, აზერბაიჯანელ, ქურთ, აფხაზ, ოს, უდინელ და ებრაელ მეგობრებს, რომლებიც ეთნიკური ნიშნით არასდროს განმისხვავებია. შეურაცხყოფას მივაყებდი საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც არასდროს მიგრძვნია, რომ ეთნიკური ნიშნით ვინმე გაენსხვავებინათ და ამაზე მინიშნებაც კი უხერხულობად ითვლება.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ადამიანის დაკავებული პოზიციიდან სხვაგან გადაყვანა მისი ეთნიკური წარმომავლობის გამო ეწინააღმდეგება ევროპულ კანონმდებლობას.

ასე რომ, გავაგრძელებ რასაც ვაკეთებდი და ყველანაირად ვეცდები, საქართველოში ეთნიკური კონფლიქტების გაღვივებას ხელი შევუშალო.

ვარ ეთნიკურად აზერბაიჯანელი, მუსლიმი, ქალი, საქართველოს მოქალაქე, ასე ვიქნები, ვიდრე ცოცხალი ვარ და ამაზე უარს ვერანაირი მუქარა ვერ მათქმევინებს!“, – წერს რამილია ალიევა.