რამილია ალიევა - დაფინანსების წესის ცვლილება მაუწყებლის დამოუკიდებლობის ხელყოფაა, ყველას, ვინც საუბრობს კონტენტსა და რეიტინგზე, მინდა, ვუთხრა, რომ ეს არის ჩვენი თანამშრომლების შეურაცხყოფა
რამილია ალიევა - დაფინანსების წესის ცვლილება მაუწყებლის დამოუკიდებლობის ხელყოფაა, ყველას, ვინც საუბრობს კონტენტსა და რეიტინგზე, მინდა, ვუთხრა, რომ ეს არის ჩვენი თანამშრომლების შეურაცხყოფა

ვფიქრობ, მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილების შესახებ კანონპროექტი პირდაპირ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის ხელყოფა, რაც მიუღებელია, – ამის შესახებ ჯგუფის „მრავალფეროვანი საქართველო“ ხელმძღვანელმა, რამილია ალიევამ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„ყველა იმ ადამიანს, რომელიც საუბრობს საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტენტსა და რეიტინგზე, მინდა ვუთხრა, რომ, სულ მცირე, ეს არის ყველა ჩვენი თანამშრომლის, ჩვენი შრომის შეურაცხყოფა. ამასთან, ქართული საქმისადმი ამდენი ნეგატივი და სიძულვილი, სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია, არ მინახავს. საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტენტს თუ გადახედავთ, ეს არის მთლიანად ის, რაც სჭირდება საქართველოს – არის ქართული კონტენტი. როდესაც ვამბობ ქართულ კონტენტს, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, ქართულ კონტენტში ვგულისხმობ ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს.

ბოლო რამდენიმე წელია, რაც საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდა საზოგადოებრივი მაუწყებელი. ცდილობს, რომ იყოს ბევრად უკეთესი და უამრავი ადამიანის შრომა არის ამ საქმეში ჩადებული. ამ კონტენტს, რომელიც შეიძლება, ბევრ ადამიანს არ მოსწონს, ქმნიან პროფესიონალი ადამიანები. ისინი, წლებია, მუშაობენ სატელევიზიო სივრცეში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია“, – განაცხადა რამილია ალიევამ.

მისივე თქმით, კოვიდპანდემიის პერიოდში მაუწყებელი იყო ერთ-ერთი წყარო, რომელიც საზოგადოებას ობიექტურ ამბებს აწვდიდა.

„მინდა, გავიხსენო კოვიდპანდემიის ძალიან რთული პერიოდი, როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ერთ-ერთი ადგილი, ერთ-ერთი წყარო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც ვერ ფლობენ რიგი მიზეზების გამო სახელმწიფო ენას, აწვდიდა სრულ, ობიექტურ ამბავს. ამისთვის ჩვენ დღე და ღამე ვმუშაობდით იმ ავარიულ შენობაში, სადაც არა მხოლოდ კოვიდი იყო მაგ დროისთვის ჩვენთვის საფრთხის შემცველი, არამედ შენობაც. ამ შემთხვევაში ასეთი უტიფარი განცხადებები ზოგიერთი ადამიანის მხრიდან, რომ თურმე კონტენტი არ მოსწონთ, თურმე რეიტინგზე უნდა ვიმუშაოთ და ასე შემდეგ, მიუღებელია პირადად ჩემთვის.

თუ რატომ იყო ასეთი შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, როგორ გახდა საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ შეთანხმების მიზეზი, ჩემი აზრით, ეს კანონპროექტი, უხეშად ვიტყვი, არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდება. კანონპროექტი დამოკიდებულს ხდის საზოგადოებრივ მაუწყებელს სახელმწიფო ორგანოსთან. არ აქვს მნიშვნელობა, ამ ორგანოს ხვალ რა დაერქმევა. ისიც არ ვიცით, ვისთან ვიქნებით ვალდებული და ვისთან უნდა მივიდეთ, რომ ვთქვათ, პროექტისთვის მეტი თანხა გვჭირდება.

რა თქმა უნდა, ყველა ოპოზიცია ოცნებობს ერთ დღეს ხელისუფლებაში მოსვლაზე და ალბათ ფიქრობენ იმაზეც, რომ კარგია, ეს კანონპროექტი არის იმის გარანტი, ხვალ როცა მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენც გვექნება ჩვენი პირადი ტელევიზია. მოდით, დაარქვან სახელი და მე პირადად მინდა, ვიცოდე, რას მთავაზობენ, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ ჩვეულებრივ თანამშრომელს, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის არსი და ღირებულება. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს მითხრან, ერთი თვის შემდეგ სად უნდა ვიმუშავო, სამთავრობო არხზე თუ საზოგადოებრივ მაუწყებელში. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, ვრჩები აქ თუ – არა“, – განაცხადა რამილია ალიევამ.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველანაირად ცდილობს, იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

„ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც წლების განმავლობაში იყო ჟურნალისტი, 2005 წლიდან მუშაობს საზოგადოებრივ მაუწყებელში, მნიშვნელოვანია მაუწყებლის არსი, სადაც მთავარია ის, რას ითხოვს მაყურებელი, რას ფიქრობს და რა მოლოდინი აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან. ძალიან მეამაყება ჩემი საზოგადოებრივი მაუწყებელი და ჩემი ყველა თანამშრომელი, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ განსხვავებული კონტენტის შესაქმნელად. შესაძლებელია, ბევრი ადამიანისთვის არ იყოს რეიტინგული, მაგრამ ეს კონტენტი, რომელიც იქმნება, ძალიან ძვირფასი და საჭიროა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობა-არარსებობის საკითხის განხილვა იმ ქვეყანაში, რომელიც აცხადებს, რომ არის დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი და არის ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის, იყოს დემოკრატიული, განვითარებული ქვეყანა, ამ საკითხის დასმაც კი მიუღებელია. დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიული საზოგადოება, დემოკრატიული მმართველობა საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეშე, ვფიქრობ, შეუძლებელი ფაქტორია და საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობა მნიშვნელოვანია თვითონ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვისაც“, – განაცხადა რამილია ალიევამ.