რამილია ალიევა - როცა ქალთა მიმართ ძალადობაზე ვსაუბრობთ, ყველაზე დიდი მოძალადე საზოგადოებაა, რომელიც სტერეოტიპებს, ბარიერებსა და ჩარჩოებს ქმნის
როცა ქალთა მიმართ ძალადობაზე ვსაუბრობთ, ყველაზე დიდი მოძალადე საზოგადოებაა, რომელიც სტერეოტიპებს, ბარიერებსა და ჩარჩოებს ქმნის, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ტელეწამყვანმა, რამილია ალიევამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„იძულებით ნაადრევი ქორწინების პრობლემას არანაირი კავშირი არ აქვს არც რელიგიასთან, არც ეთნოსთან და ეს უფრო საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების პრობლემაა. ამ საკითხთან დაკავშირებით მე ძალიან ბევრი მიმუშავია ქვემო ქართლის რეგიონში და იქაც საზოგადოებასთან მივდივართ. იქ, საზოგადოებაში გოგონებს ასე ზრდიან, რომ მათი ყველაზე დიდი მონაპოვარი ოჯახია; ისინი კარგი მეუღლეები, კარგი დედები და კარგი რძლები უნდა იყვნენ. მე ამას ვეწინააღმდეგები. იმიტომ, რომ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ბავშვობის უფლება“, – განაცხადა ალიევამ.
მისი თქმით, ნაადრევი ქორწინების საკითხში რამდენიმე ასპექტი არსებობს და ის ყოველვის არ არის იძულებითი.
„არის ნებაყოფლობითი ქორწინება, როცა გოგონები თვითონ ქორწინდებიან. ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ და ეს ძალიან სამწუხაროა. ვფიქრობთ, რომ ყველა ნაადრევი ქორწინება იძულებითია, გოგონას გათხოვება არ უნდოდა, ვიღაცამ გაათხოვა და ა.შ. არავისთვის დასამალი არ არის და ფიზიოლოგიური ფაქტია ის, რომ გოგონების მომწიფება ზუსტად ამ ასაკში იწყება და მათ ძალიან ბევრი რამ აინტერესებთ. ეს ბუნებრივი მოვლენაა, რადგან მათ ორგანიზმში ჰორმონების აფეთქება ხდება და ამიტომ, ძალიან ბევრი რამ აინტერესებთ. ეს ის პერიოდია, როცა მათ უნდათ რომანტიკა, სიყვარული, შეყვარებულობის პერიოდის გავლა და ა.შ. მაგრამ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების, ტაბუების გამო სამწუხაროდ, ჩვენ, მშობლები ქალიშვილებს არ ვესაუბრებით ისეთ თემებზე, რაც მათ ამ დროს აინტერესებთ“, – განაცხადა ალიევამ.
როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, რეგულაციების შემოღებამდე რეგიონებში ნაადრევი ქორწინების საკმაოდ ბევრი შემთხვევა იყო და კანონის გამკაცრებამ ბევრი რამ შეცვალა.
„ლამაზი გოგონები სკოლაში ბიძაშვილის, ძმის თანხლებით დადიოდნენ. იმიტომ, რომ ყოველთვის არსებობდა მისი მოტაცების საშიშროება. იმ საზოგადოებაში, რომელშიც თუნდაც, მე ვიზრდებოდი, მშობლები ძირითადად, იმაზე ნერვიულობდნენ, რომ შეიძლება, ჩვენი გოგონა ვიღაცამ მოიტაცოს, ვინც არ ვიცით, ვინ არის, არ ვიცით ჩვენი შვილი რა ბედში ჩავარდებაო და აქედან გამომდინარე, ერჩივნათ, შვილი ნაადრევ ასაკში თვითონ გაეთხოვებინათ იმ ადამიანზე, რომელიც მაგალითად, კარგი ოჯახიდან არის. ტენდენციამ, რომ ამ ფაქტმა კანონით დასჯის ფორმა მიიღო, ძალიან ბევრი რაღაც შეცვალა თუნდაც, ქვემო ქართლში, სადაც მოტაცების სტატისტიკა საკმაოდ მაღალი იყო“, – განაცხადა რამილია ალიევამ.